„რესტორატორთა ასოციაცია“: 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერაზე მთავრობის გადაწყვეტილება დიდი შეღავათია იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც საკუთარი შენობები აქვთ

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერაზე მთავრობის გადაწყვეტილება დიდი შეღავათია იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც საკუთარი შენობები აქვთ. ამის შესახებ ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ პრემიერმინისტრის მიერ იქნა მიღებული, მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს. ამ საკითხზე, და არამარტო ამ საკითხზე, დიდი ხანია, ეკონომიკის სამინისტროსთან საუბარი გვქონდა. ასევე, გვაქვს დამატებითი წინადადებები, რომლებიც სფეროსთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილება დადებითადაა შესაფასებელი იქიდან გამომდინარე, რომ ქონების გადასახადი ისეთი დამატებითი გადასახადია, რომელიც რეალურად ბიუჯეტისთვისაა სასარგებლო, ბიზნესისთვის ეს მხოლოდ გასავალია. თუ ეს გასავალი შეჩერდება, ეს თანხა შესაძლებელია, მიმართული იყოს რეინვესტირებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ასევე, ვალდებულების გასტუმრებისათვის. ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება სფეროს მთელ ნაწილს პირდაპირი მნიშვნელობით არ შეეხო იმ კუთხით, რომ ბევრს ქონების ძალიან დიდი გადასახადი არ აქვს, მაგრამ სფეროს იმ ნაწილისთვის, რომელიც იჯარის ქვეშ არ არის და საკუთარი ქონება გააჩნია, შენობა-ნაგებობები საკუთრებაში აქვთ, რა თქმა უნდა, ეს დიდი შეღავათია და ამ შეღავათს ისევ ეკონომიკაში გამოიყენებენ. ის წინადადებები, რომლებზეც ეკონომიის სამინისტროსთან გვაქვს საუბარი, იმედია, დადებითად გადაწყდება და გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ. სფეროსთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სარესტორნო სფეროს კოვიდვითარებამ პრობლემები დაუტოვა.

„რაც შეეხება იმას, თუ კოვიდვითარების გამო სექტორი რა პრობლემების წინაშე დადგა. მინდა, გითხრათ, რომ ამ 2 წლის განმავლობაში სეგმენტის მცირედი ნაწილისთვის ეს ძალიან მტკივნეული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სფერო სრულად დაკეტილი იყო. სამუშაოს შესაძლებლობა როდესაც არსებობდა, მცირე ნაწილისთვის ეს დადებითად მოქმედებდა. შეიძლება, დღეს რესტორნების მცირე ნაწილი კოვიდამდე სიტუაციაზე უკეთეს პირობებში არიან. მაგრამ დიდი ნაწილი ისევ იმ რთულ რეალობაში რჩება, როგორშიც კოვიდვითარების გამო იყვნენ, კრიზისიდან ვერ გამოდიან. არის დავალიანებები, დაკარგული ობიექტები, ბევრი ობიექტი ახლაც გაჩერებულია, სამუშაო ადგილები დაკარგულია, რისი შევსებაც რთულია, რადგან სარესტორნო სფერო ბევრი ადამიანისთვის არასტაბილური და დაბალანაზღაურებადია, შესაბამისად, მოთხოვნა არ არის.

წინადადება, რომელზეც შეიძლება, დღეს ვისაუბროთ, არის ის, რომ დღეს ტურიზმისა და კონკრეტულად სარესტორნო სექტორის უდიდესი პრობლემა, რამდენად პარადოქსულადაც  უნდა ჟღერდეს, კონტინგენტია, ადამიანები, რომელიც დღეს სფეროს აკლია. სფერო ადამიანებს ეძებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, დასაქმდნენ. კოვიდსიტუაციის დაწყებიდან ვსაუბრობდი, რომ ეს პრობლემა შეიქმნებოდა, ეს რეალობად იქცა. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოვჩნდებით ვითარებაში, როდესაც ტურისტები გვეყოლება და სერვისის მიწოდებას ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემაზე შეხედვა ისევ გადასახადებზე საუბარია. არ მინდა, დავწვრილმანდე, თუ რა კუთხით არის ეს შესაძლებელი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, შედეგს მივაღწევთ.

ვითარება საგანგაშო იყო და დღესდღეობით უფრო სტაბილურია. პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, რომ სფეროს განვითარების პროგრესირება ხდება, თუ უკრაინის რთულმა სიტუაციამ არ მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად მსოფლიოში ტურიზმის განვითარებას არ შეუშალა ხელი. თუ ეს საომარი სიტუაცია არ შეჩერდა, დადებითი პროგნოზის გაკეთება რთული იქნება“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გუშინდელ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში და ამიტომ 2021 წელის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის”, –პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები