პაპუაშვილი: ვიზიარებ პრემიერის სულისკვეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე, როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა
არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს, გაწევრიანდეს ნატო- ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების მოყვარულობისთვის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ადგილი აქვს მანიპულაციას ოპოზიციის მხრიდან, რომ ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობები შეიქმნას.
„არა მხოლოდ ეს დღეები, მას შემდეგ, რაც გამწვავდა მდგომარეობა უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ, სამწუხაროდ, საქართველოში ვხედავთ მანიპულაციას იმისთვის, რომ როგორმე განწყობები ხელისუფლების მიმართ იყოს უარყოფითი ქვეყნის შიგნით, გასაკვირია, რომ ამას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და მათთან დაკავშირებული ტელევიზიები. ჩვენ ვნახეთ ეს ბოლო პერიოდი აზრის ცენზორები, სიტყვის ცენზორები, სიტყვით მანიპულატორები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს გაწევრიანდეს ნატო- ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების მოყვარულობისთვის. ამაზეა საუბარი და პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების სწორედ ამაზეა, რომ ამას აღუდგეს წინ და არ დაუშვას 21- ე საუკუნეში, ხალხი და ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სუვერენიტეტი განახორციელონ, ამის გამო რუსეთმა შეეცადოს დასაჯოს და დაჩაგროს ისინი, ამას უნდა აღუდგეს საერთაშორისო საზოგადოება და ეს არის მთავარი ამოცანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ სულისკვეთებას, რაც განაცხადა პრემიერმინისტრმა სრულად ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა, საქმე ის არის, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.