შალვა პაპუაშვილი: ომის ყოველი დღე გლოვის დღეა
“ომის ყოველი დღე გლოვის დღეა. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კიდევ ერთხელ არის მცდელობა, საკითხებით მანიპულაცია დაიწყონ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ლელოს“ ინიციატივას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას გულისხმობს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური პარტიები ებრძვიან საკუთარ ხელისუფლებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უსაფრთხოების რისკებია.
“ომის ყოველი დღე, რა თქმა უნდა, გლოვის დღეა. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კიდევ ერთხელ არის მცდელობა, საკითხებით მანიპულაცია დაიწყონ. ყოველი დღე არის გლოვის დღე და ყოველი დღე იმ ტრაგედიების მომსწრენი ვართ, რასაც ჩვენ ვხედავთ. სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება. ამითაც სურვილია გამოჩნდეს, თითქოს საქართველოს მხრიდან ემპათია და თანადგომა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. საქართველო ამ კუთხით გახლავთ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა ჯგუფი ებრძვის საკუთარ ხელისუფლებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ასეთი უსაფრთხოების რისკებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.