დავით ზალკალიანი: პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა
ჩვენს მთავარ სტრატეგიულ ქვეყანა აშშ-ში წარმოადგენდე საქართველოს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე პირობას გაძლევთ, რომ ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა პირობა დადო, რომ მისი ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.
“მადლობას ვუხდი გუნდს ნდობისთვის, რომელიც ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში გამომიცხადა. ბევრი მიღწევა იყო როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე – ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ყველგან ვიყავით წარმოდგენილნი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო. ყველა პლატფორმაზე საქართველოს მოწინავე პოზიცია ეკავა.
პირობას გაძლევთ, რომ ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემ საქმეს, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში ჩვენი აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“, – განაცხადა ზალკალიანმა.