ხათუნა ლაგაზიძე: ვინც სვამს კითხვას, ნეიტრალიტეტი გვინდა თუ არა, ის რეალურად საკითხს სვამს ასე – გვინდა თუ არა, საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო
“ვინც სვამს კითხვას, ნეიტრალიტეტი გვინდა თუ არა, ის რეალურად საკითხს სვამს ასე: გვინდა თუ არა, საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი მაშინ, როცა არ გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ სვლაა”,- ამის შესახებ ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი უკრაინაში წყდება.
“რაც შეეხება საქართველოს… დღეს შექმნილი ვითარების გამო, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, დღეს ნატოში გაწევრებაზე ალაპარაკდნენ და ჩვენს ნეიტრალიტეტზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ნეიტრალიტეტის პირობებში სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავის დაცვა გარე დახმარების გარეშე. სახელმწიფოს ამისთვის საჭირო ფინანსებიც უნდა ჰქონდეს, მოსახლეობის რაოდენობა და ჯარიც საკმარისი ჰყავდეს. ამასთანავე, აუცილებელია მეზობელი ქვეყნების თანხმობა და რეალური ვალდებულება, რომ ისინი არ ხელყოფენ ამ სახელმწიფო საზღვრებს. საქართველოს შემთხვევაში ერთიც შეუძლებელია და მეორეც. როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ვერანაირი სამხედრო შეიარაღება და ჯარის რაოდენობა ვერ გაძლევს გარანტიას, რომ სამხედრო დახმარების გარეშე მას გაუმკლავდები. თანაც რუსეთი ცნობილია ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების მუდმივად დამრღვევის სახელით. მოკლედ, დღეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებაზე ლაპარაკს.
ვინც სვამს კითხვას, ნეიტრალიტეტი გვინდა თუ არა, ის რეალურად საკითხს სვამს ასე: გვინდა თუ არა, საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი მაშინ, როცა არ გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ სვლაა.
უკრაინა ომობს და გასაგებია, რომ თავისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან მაქსიმუმს ითხოვს. ზელენსკი ასეთივე ტონით ელაპარაკება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს. სხვაგვარად მათი გამოფხიზლება და გაერთიანება რთული ამოცანა იქნებოდა. უკრაინის ხელისუფლების ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის, სტრატეგიული კომუნიკაციის დამსახურებაც არის, რომ დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, დაინახა, კეთილდღეობასა და კომფორტზე გაფაციცებული დასავლური საზოგადოება როგორ დადგა არსებობის საფრთხის წინაშე. ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლების ძალიან ხისტი, კრიტიკული რიტორიკის დამსახურება. რუსეთი ხომ მხოლოდ უკრაინისთვის არ არის გამოწვევა, ეს არის გლობალური საფრთხე. განგაშის ზარი, რომელსაც ზელენსკი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს გასაგონად რეკავს, მხოლოდ უკრაინის გადასარჩენად კი არა, ჩვენი და მთელი მსოფლიოს გადასარჩენად დარეკილი ზარია. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი უკრაინაში წყდება. თუ ის გაიმარჯვებს, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, გადავრჩებით. აქვე ვიტყვი, რომ უკვე ყოფილ ელჩზე ჯოხის გადატეხით ზელენსკიმ მეორე შანსი მისცა საქართველოს ხელისუფლებას. საქმე ის არის, რომ სანქციების ნაწილს საქართველოს ხელისუფლება უკვე მიერთებულია, საერთაშორისო ფორუმებზეც ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს უკრაინას, ამიტომ ეს რიტორიკა, უკრაინის მიმართ კონფრონტაციული ტონი სრულიად გამაოგნებელი და გაუგებარია. ხელისუფლების მართული მედია და ტროლ-ბოტები მიზანმიმართულად ანგრევენ უკრაინის ხელისუფლების იმიჯს. დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არა უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, არამედ, მართალია, ირიბად, მაგრამ მაინც – საკუთარ მომხრეებში უკრაინის ხელისუფლების შავი პიარის აგორებას”,- აცხადებს ლაგაზიძე.
რაც შეეხება კითხვას – “მას მერე, რაც რუსეთი უმძიმესი ეკონომიკური სანქციების ტყვეობაში მოექცა, დღის წესრიგში დადგა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეცვლის საკითხი. ერთ-ერთ გზად განიხილება ტრანზიტი საქართველოს გავლით…”,- ექსპერტი პასუხობს.
“დიახ, მსოფლიოს მომარაგების ლოჯისტიკური სქემების შეცვლით სულ უფრო ხშირად დგება დღის წესრიგში საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფნის საკითხი და იზრდება მისი მნიშვნელობაც. აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ საკომუნიკაციო არტერიებს სერიოზულ ალტერნატივად ქცევა შეუძლია ტვირთების როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ისე პირიქით მოძრაობის თვალსაზრისით. ახლა კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება და რატომ დაიბლოკა ის”.