გიორგი ხოჯევანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილული იყო ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადის ირგვლივ არსებული საკითხები.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი ზეპარტიული მნიშვნელობისაა და აუცილებელია ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
„ყველას კარგად მოეხსენება, რომ თვითონ განაცხადის შეტანა არაფერს ნიშნავს. განაცხადის შეტანას უნდა მოყვეს ქმედითი ნაბიჯები, რომელსაც დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების” მხრიდან. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელზეც ჩვენი გუნდი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.
ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც კონკრეტული გეგმა წარმოვადგინეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველო მიიღონ ევროკავშირში და ჩვენმა მოსახლეობამ იგრძნოს ის დადებითი ეფექტები, რომელიც შეიძლება ევროკავშირის წევრობას მოყვეს. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზეც, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ არსებობს და იმ საერთო თანამშრომლობის პლატფორმასა და საკითხებზე, რომელიც ამ ზეპარტიული საკითხის ირგვლივ შეიძლება არსებობდეს”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.