ნინო წილოსანი FinExCoop-ის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი FinExCoop-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში კოოპერაციის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესების თაობაზე იმსჯელეს. „ჩვენი კომიტეტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას კოოპერატივების შესახებ კანონის, და საერთოდ, მთლიანად სისტემის რეფორმირებაზე.
პროექტ “FinExCoop საქართველოს” წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ექსპერტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანით მათ მოსაზრებებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ფაქტობრივად სრული თანხვედრა გვაქვს. უახლოეს მომავალში დავაინიცირებთ ცვლილებებს, რაც კოოპერატივების და ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად იქნება გამიზნული”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
პროექტი „FinExCoop საქართველო” 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს: ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას; ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებას; კოოპერატივების განვითარებას. 4-წლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ NIF პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ ხდება. შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტ “FinExCoop საქართველოს” ხელმძღვანელი კრისტოფ კორდონიე, FinExCoop საქართველოს” წარმომადგენლები სერგო ბარამიძე, მარიამ დარჩია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) პროექტის ოფიცერი ალოის ბელიე.