ცესკოს თავმჯდომარე: ბათუმში შუალედურ არჩევნებზე ელექტრონულ ტექნოლოგიებს სატესტოდ გამოვიყენებთ

ბათუმის საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია და გათვალისწინებულია ალტერნატიული გზა, რათა ტრადიციულ მეთოდზე მყისიერი გადასვლა მოხდეს, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება სხვადასხვა კითხვის ნიშნებისა და შესაძლო მანიპულაციების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„ტექნოლოგიური საშუალებებით საარჩევნო პროცესში ინტერვენცია ნიშნავს პროცედურების გამარტივებას; ნიშნავს, საარჩევნო პროცედურებთან მიმართებით სხვადასხვა კითხვის ნიშნებისა და შესაძლო მანიპულაციების თავიდან აცილებას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის მიზანი ზუსტად პროცესის გამარტივება და კითხვის ნიშნების მოხსნაა, რა თქმა უნდა, შესაძლო რისკები, თუნდაც ტექნოლოგიებისა და აპარატების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები, რა თქმა უნდა, დაზღვეულია და გათვალისწინებულია ის ალტერნატიული გზა, რომელიც უკავშირდება ტრადიციულ მეთოდზე მყისიერ გადასვლას იმისთვის, რომ კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება სატესტო რეჟიმში მოხდება და შესაძლოა, გამოიკვეთოს სხვა ისეთი საკითხები, რომელიც ვერ იყო გათვალისწინებული.

“ტექნოლოგიების იმპლემენტაციის თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთი მხრივ განახორციელა სიმულაციური კენჭისყრა, 22 მარტს, რათა ჩართულ მხარეებთან ერთად გვენახა საფრთხეები და შეგვეფასებინა რისკები, რომლებიც შესაძლოა, მის გამოყენებას მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე, გავითვალისწინეთ ყველა გამოკვეთილი ტექნიკური საკითხი და კომისიამ სრული მხარდაჭერით უზრუნველვყავით აღნიშნული საკითხების შესაბამისი სამართლებრივი აქტით მოწესრიგება იმისათვის, რომ ტექნოლოგიების ინტერვენციით, ბათუმის საარჩევნო ოლქში 14 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღე მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არის პილოტი და ცხადია, პილოტის მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოიკვეთოს სხვა ისეთი საკითხები, რომელიც, ბუნებრივია, ვერ იყო გათვალისწინებული ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს არის ინოვაცია და საქართველოში ამ საშუალების გამოყენებით არჩევნები არ ჩატარებულა. შესაბამისად, კვლავაც ამომრჩეველთან და ჩართულ მხარეებთან ერთად გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ ამ პროცესს, მათთან ერთად გამოვავლინოთ ამ პილოტის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ადმინისტრაციამ გამოვიყენოთ ასეთი შუალედური არჩევნები იმ შესაძლებლობისთვის, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ პილოტირება და ტესტირება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ და პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღოს გადაწყვეტილება და არსებობდეს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ, სამომავლოდ, არჩევნების ჩატარება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით განხორციელდეს”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები