„მეწარმეებს ვალდებულება ეკისრებათ, მომხმარებლებს პროდუქციის თუ მომსახურების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ“ – ვახტანგ კობალაძე ახალი კანონის შესახებ

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებული კანონი, პირველ რიგში, მეწარმეების მიმართ აწესებს ვალდებულებებს, რომ მათ მომხმარებლებს იმ პროდუქციის, თუ მომსახურების შესახებ, რომელსაც ყიდიან, ზუსტი, ამომწურავი, უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.

კობალაძემ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებული კანონი შეაფასა და განაცხადა, რომ ეს მომხმარებლების დაცვის სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში , თუ მომხმარებელი მეწარმესთან დავას ვერ მოაგვარებს, შეეძლება, სახელმწიფო უწყებას მიმართოს, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს.

„აღნიშნული კანონი საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჯერ კიდევ 2012 წელს „მომხარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი გაუქმდა. ის მოძველებული იყო და შეცვლას საჭიროებდა, მაგრამ, სრულიად ანომალიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. საქართველო აღმოჩნდა ისეთ ქვეყანათა რიგში, სადაც მეწარმე მომხმარებელთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული. თანამედროვე მსოფლიოში აღიარებულია ის, რომ მომხმარებელს სპეციალური დაცვა სჭირდება. საჭიროა კანონმდებლობა, რომელიც მორგებულია იმაზე, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ იყოს შეყვანილი, არ დაზარალდეს. თუკი ნაკლოვანი პროდუქტი შეიძინა, ადვილად ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქტი მეწარმეს შეაკეთებინოს, შეცვალოს და ა.შ. თუკი მეწარმესა და მომხარებელს შორის დავა ვერ მოგვარდა, მაშინ მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს, საკუთარი უფლებების დაცვა ადვილად შეძლოს, რომელიმე სახელმწიფო უწყებას მიმართოს, რომელიც დაეხმარება. ეს ყველაფერი მომხარებელს არ ჰქონდა და ახალი კანონი სწორედ ამ ნაკლოვანებებს აღმოფხვრის.

აღნიშნული კანონი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვითაა შემუშავებული, უშუალოდ ევროდირექტივების შესაბამისად. ეს არ არის ევროკავშრიში არსებული კანონმდებლობის 100%-ით გადმოღება, მაგრამ ძალიან მიახლოებულია. პირველ რიგში, აწესებს ვალდებულებებს მეწარმეების მიმართ, რომ მათ მომხმარებლებს ზუსტი, ამომწურავი, უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ იმ პროდუქციის, თუ მომსახურების შესახებ, რომელსაც ყიდიან. ასევე განისაზღრება, პროდუქტის, ან მომსახურების ნაკლის შემთხვევაში, როგორ შეიძლება ამ ნაკლის აღმოფხვრა. შეცდომაში შემყვან სხვადასხვა პრაქტიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი კონკრეტული აკრძალვებია. კანონში დეტალურადაა აღწერილი სხვადასხვა შემთხვევა. დავუშვათ , მომხარებელი დაცული უნდა იყოს იმისგან, რომ თუ რაღაც პროდუქციაზე ფასდაკლებაა, მართლა ფასდაკლება იყოს. გამოყენებული არ იყოს ისეთი ხრიკები, რომ , ვთქვათ, პროდუქტს მომატებეული ფასი ეწეროს, შემდეგ გადახაზული იყოს და დაკლებული ფასი ჰქონდეს დაწერილი; ან ფასი ცოტა ხნით იყოს მომატებული და შემდეგ დაკლებული, ეს კი ფასდაკლებად იყოს გამოცხადებული, ან პროდუქტეზე ისეთი წარწერა იყოს გაკეთებული, თითქოს ის რაღაც დაავადებებისგან კურნავს, რაც შეიძლება, სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. ნებისმიერი სახის მანიპულაცია, რომელიც მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს და აფიქრებინებს, რომ ის სხვა პროდუქტს ყიდულობს და არა იმას, რასაც წარმოუდგენენ, აკრძალული იქნება და მომხმარებელს შეეძლება, თუკი მეწარმესთან დავა ვერ მოაგვარა, სახელმწიფო უწყებას მიმართოს, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს, რომელიც დავაში დაეხმარება. გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტო ვალდებული იქნება, ბაზრის მონიტორინგი არა მხოლოდ მომხმარებლის მიმართვის, არამედ საკუთარი ინიციატვითაც განახორციელოს, მეწარმეებს ამა თუ იმ საქმიანობის კორექტირების შესახებ მიუთითოს. ეს მითითებები სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მითითებებს არ დაემორჩიელბა, კონკურენციის სააგენტოს საშუალება ექნება, ის დააჯარიმოს და უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს.

მთლიანობაში ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. გარღვევაა, დღევანდელ სიტუაციას თუ შევადარებთ.“ – განაცხადა კობალაძემ.

მისივე თქმით, ახალი კანონის ძირითადი აქცენტი მომხმარებლის მატერიალური ზიანისგან დაცვაა.

„სურსათთან დაკავშირებით წლებია „სურსათის ეროვნული სააგენტო“ მუშაობს, რომელიც მაკონტროლებელი უწყებაა. მის კომპეტენციაში იმის უზრუნველყოფა შედის, რომ ქვეყენაში უვნებელი სურსათი იყიდებოდეს და მომხმარებელი შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. თუმცა, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა. სააგენტოს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ბაზარი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანად აკონტროლოს.

ახალ კანონს რაც შეეხება: ის, ძირითადად, მომხარებლისთვის მატერიალური ზიანის თავიდან აცილებაზეა ორიენტირებული და არა უვნებლობის საკითხებზე. თუმცა, მომხმარებლის შედომაში შეყვანა უვნებლობასაც ეხება. მაგრამ, ამ კანონის ძირითადი აქცენტი მომხმარებლის მატერიალური ზიანისგან დაცვაა. ასე რომ, თუკი მომხარებელი დაზარალდა , მას საშუალება აქვს, ზიანი უფრო ადვილად აინაზღუროს.

რაც შეეხება პრობლემებს: სტატისტიკური მონაცემები, სამწუხაროდ, არ არსებობს, არავინ აწარმოებს იმის სტატისტიკას, თუ რა პრობლემები აქვთ მომხარებლებს. ჩვენ მომხმარებლები სისტემატურად მოგვმართვენ, ასევე სხვადასხვა გზით ვიღებთ ინფორმაციას: ჩვენი დაკვირვებით, შემიძლია, ვთქვა – ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მომხარებელმა ესე თუ ის ნივთი შეიძინა , ეს ნივთი ნაკლოვანი აღმოჩნდა, რაღაც ხარვეზი ჰქონდა, ან საერთოდ უვარგისი გამოდგა და მომხმარებელი მეწარმეს ნივთის შეკეთების, შეცვლის, თანხის დაბრუნების თაობაზე ედავება, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ. ასეთი დავების დროს ინსტანცია, რომელსაც, შეიძლება, მომხმარებელმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიმართოს, მხოლოდ სასამართლოა. როცა დავა ჩიხი შედის, მომხარებელების უმრავლესობა სასამართლოსთვის მიმართვისგან თავს იკავებს. აქედან გამომდინარე, მოგებული ისევ არაკეთილსინდისიერი მეწარმე რჩება, მომხარებელი კი ზიანდება, რადგან თანხა გადახდილი აქვს, მაგრამ შეძენილ ნივთს, სათანადოდ ვერ იყინებს. ეს ეხება როგორც შედარებით იაფფასიან ნივთებს, ასევე საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთებს. ჩვენთან მომართვის შემთხვევები როცაა, შეიძლება, რამდენიმე ათასი ჰქონდეს ადამიანს გადახდილი, ეს შესაძლოა, იყოს ტექნიკა, ავეჯი.

ამ კანონის შესახებ ბიზნესის დიდი ნაწილი ინფორმირებული იყო და არის. კანონის განხილვაში მონაწილეობას მათი წარმომადგენლებიც იღებდნენ. ჩემი დაკვირვებით მათ ნაწილში მაინც ნეგატიური განწყობა რჩება , თუმცა ნაწილში განწყობა ძალიან პოზიტიურია. როც ეს კანონი ამოქმედდება, მგონი, ყველა დაინახვას იმას, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით არანაირი, რაღაც განსაკუთრებული საფრთხეები არაა, პირიქით, ეს კანონი თანამედროვე ტიპის ბიზნესურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა კობალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 79 ხმით 29 მარტს მიიღო.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი კანონით გარდა იმისა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპებია განსაზღვრული, ასევე წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. კანონით დგინდება, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები და დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.

თამუნა შეყილაძე

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები