ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტით ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელ პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცეადმირალ ერვე ბლეჟანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.
უწყებათაშორის დონეზე ვიზიტის ყოველწლიური კონსულტაციების მიზანს ევროკავშირთან ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. ვიზიტის მსვლელობისას სტუმრებმა მოინახულეს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი დაწესებულებები, ასევე გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.