კიევში, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, პრორუსი პოლიტოლოგი – მიხეილ პოგრებინსკი დააკავეს

კიევში პრორუსი პოლიტოლოგი, მიხეილ პოგრებინსკი დააკავეს, რომელიც სახელმწიფო ღალატსა და უკანონო გამდიდრებაშია ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ ჟურნალისტმა, ანდრეი ცაპლიენკომ ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.

მიხეილ პოგრებინსკი უკრაინელ ოლიგარქსა და ვლადიმერ პუტინის ნათესავთან, ვიქტორ მედვედჩუკთან არის ასოცირებული, რომელთანაც მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

26 მარტს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა კიევში პოგრებინსკის ბინა გაჩხრიკეს.

გამომძიებლების ინფორმაციით, კიევის პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელიც პოგრებინსკია, უკრაინული საზოგადოების განწყობას სწავლობს, მიღებულ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემს.

უკრაინელი სამართალდამცავების თქმით, „პოგრებინსკი ამზადებდა და უგზავნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს რჩევებს უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური საინფორმაციო ოპერაციების წარმართვისთვის“.

ასევე, ჩხრეკის შედეგად, პოგრებინსკის ბინიდან ამოღებულია გამოკითხვის შედეგები, სადაც ნათქვამია,  თითქოს, უკრაინელების 46% რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უჭერს მხარს.

მიხეილ პოგრებინსკი რუსული პროპაგანდისტული პოლიტიკური თოქ-შოუების ხშირი სტუმარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები