თუშეთში მშენებლობისთვის ფიქალის ქვით სარგებლობა ნებადართული იქნება
თუშეთში, ადგილობრივ მოსახლეობას და ინვესტორებს ფიქალის ქვის გამოყენება შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის კომიტეტში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონი თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ფიქალის ქვის გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ შეზღუდული სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის ითვალისწინებს. ის არ მოიცავს ფიქალის ქვის გამოყენებას, მაშინ როდესაც თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ფიქალის ქვა წარმოადგენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების, ასევე, ინვესტორებისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის აუცილებელ სამშენებლო მასალას. ის ისტორიულად გამოიყენებოდა მშენებლობისას, რათა არ დარღვეულიყო თუშეთის დაცული ტერიტორიის უნიკალური ლანდშაფტი. კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის და ინვესტორების მოთხოვნილების გათვალისწინება ბუნებრივი რესურსებით(ფიქალის ქვა) სარგებლობასთან დაკავშირებით, მშენებლობისას აღნიშნული ქვის გამოყენების შესაძლებლობის დაშვება, იმისათვის, რომ შენარჩუნებულ იქნას თუშეთის დაცული ტერიტორიებისათვის ისტორიულად დამახასიათებელი არქიტექტურა.