„2012 წელთან შედარებით წელს 11 მილიონით ნაკლები პრემია და 38 მილიონი ლარით ნაკლები სახელფასო დანამატი გავეცით“
პრემიების ახალი სისტემა გამორიცხავს იმ მავნე პრაქტიკას, რაც წლების განმავლობაში არსებობდა საჯარო სექტორში – ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ და საჯარო სამსახურის ბიურომ პრემიების საკითხთან დაკავშირებული კითხვები ამოწურა და შეიმუშავა სამართლიანი და სწორი რეგულირების წესი.
„2012 წელთან შედარებით წელს ჩვენ გავეცით 11 მილიონით ნაკლები პრემია და 38 მილიონი ლარით ნაკლები სახელფასო დანამატი. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრემიერის ინიციატივით მოხდა პრემირების რეგულირების ერთიანი წესის შემუშავება, რომელიც ეფუძნება სამართლიანი განაწილების პრინციპს. ჩვენ უნდა შეგვემუშავებინა სწორი მიდგომა, რომელიც კონკურენტულს გახდიდა საჯარო სამსახურს კერძო სექტორთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორში ხელფასები ყოველდღიურად მზარდია, ჩვენ კი გვაქვს განაცხადი საჯარო სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაზე. ამის მაგალითია საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც უცხოეთში სასწავლებლად აგზავნის ახალგაზრდებს და და შემდეგ მათი ცოდნის საჯარო სექტორში გამოყენებას გეგმავს. ჩვენ ისინი უნდა უზრუნველვყოთ კარგი სამოტივაციო პაკეტით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი და სწორი რეგულაციები შევიმუშავეთ და ამით წერტილი დაესმევა პრემიებთან დაკავშირებულ თვითნებობას,”-განაცხადა ნინო კობახიძემ.