DEEPFACKE – თბილისში მოღვაწე უკრაინელი ხელოვანის, ოლექსანდრა აჰაპოვას საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება

26 მარტს, 19:00 საათზე, „უსახელო გალერეაში“  თბილისში მოღვაწე უკრაინელი ხელოვანის, ოლექსანდრა აჰაპოვას გამოფენა – DEEPFACKE გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელოვნის მიზანია, ამ გამოფენით უფრო მეტ ადამიანს აგრძნობინოს, რას განიცდის უკრაინელი ხალხი ოკუპაციის და ომის დროს.
ოლექსანდრა უკვე ერთი წელია თბილისში მოღვაწეობს და ქმნის სათამაშოებს, რომლებმაც არაერთი გამოფენა თუ სახელოვნებო ბაზრობა მოიარა.
24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოლექსანდრა სახლიდან მოშორებით უყურებს თავის საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან.
კურატორი: გიორგი კიკორია
ოლექსანდრა აჰაპოვა: „ბავშვებს უყვართ სათამაშო მოედნებზე თამაში. ისინი ანგრევენ სხვა ადამიანების ქვიშის კოშკებს, როდესაც ხედავენ, რომ სხვას მათზე უკეთესი აქვს. ერთხელ ასე მოქცევის შემდეგ, ბავშვები მთელი ცხოვრება გაიმეორებენ მას? შესაძლებელია, ეს სიმართლე იყოს, რადგან პირველ შემთხვევაში, ისინი დაუსჯელობას და მოქმედების თავისუფლებას გრძნობენ. ჩვენ – ყველანი ბავშვები ვიყავით, მაგრამ გავიზარდეთ… ჩვენ ჯერ კიდევ გვიყვარს ქვიშის კოლოფები, რომლითაც ვთამაშობდით… მაგრამ სხვები ცდილობენ, დაანგრიონ ჩვენი ქვიშის ციხესიმაგრეები სირენების, აფეთქებების, სარაკეტო დარტყმების, ტანკების ზალპის, იარაღის გასროლის, კივილისა და ტირილის ხმით.
ჩვენ ერთნაირები ვართ, მაგრამ თან ძალიან განსხვავებულები. გვაქვს საერთო წარსული, რომელიც იყო არა თავისუფლად არჩეული, არამედ თავს მოხვეული. კი, ჩვენ გვაქვს საერთო ენა, მაგრამ – იძულებით. საერთო კულტურა და ტრადიციებიც იძულებით. კი, საერთო ისტორია გვაქვს – გადაკეთებული. კი, ჩვენ გვაქვს საზიარო სიყვარული – დანგრეული. რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს იმის გასაგებად, რომ არსებობს ცალკული ხალხი, ისტორიები, ტერიტორიები და ცხოვრება, რომელიც იყო ბედნიერი და სასიამოვნო, 24 თებერვლის დილამდე…
ჩემი სათამაშოები მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს განსხვავებული ხალხები თავს მოხვეული იდეებით. ისინი აჩვენებენ, რომ შესაძლებელია დამოუკიდებლად არსებობა  იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ რაღაც მსგავსი გაქვთ და იმ შემთხვევაშიც, როცა არაფერი გაკავშირებთ;, შეგიძლიათ გააგრძელოთ არსებობა განცალკევებით. მშვიდობიანად. შეგიძლიათ, იარსებოთ სიმბიოზურად, სარგებელი მოუტანოთ ერთმანეთს და ლოგიკურად შეავსოთ ერთმანეთი. ჩემი ამბავი ცდილობს, შეგახსენოთ ჩვენს კოლექტიურ კაცობრიობასა და გენეტიკაზე, ერთმანეთთან ისტორიულ კავშირზე, მაგრამ ამავე დროს გვახსენებს, რომ თითოეული არის ინდივიდი. ჩემი სათამაშოები ერთმანეთისგან არის შექმნილი, მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება უმეტესად აღქმული იყოს, როგორც დამოუკიდებელი”.
გამოფენა  3 აპრილამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე შესაძლებელი იქნება როგორც შემოწირულობის გაღება, ასევე სათამაშოების შეძენა. მთლიანი თანხა გადაირიცხება უკრაინის დახმარების ერთ-ერთ ფონდში..
მისამართი: თბილისი, იუნკერთა 1/12.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები