მეუფე შიო: ეკლესიის დამოუკიდებლობა იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია. ეს იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მსახურების შემდეგ იქადაგა.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ეკლესიამ V საუკუნიდან მოიპოვა ავტოკეფალია ანტიოქიის პატრიარქისგან. ამან იქონია უდიდესი გავლენა ქართული სულის აღორძინებაზე, გამოვლინებაზე, დაიწყო დიდი აღმავლობა ჩვენი კულტურის, ჩვენი სულიერებისა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩვენი აზროვნება, მწერლობა, ლიტერატურა, პოეზია, სახვითი ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკალური ხელოვნება ეფუძნება ქრისტიანობას, ეფუძნება მართლმადიდებლობას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია, ამან განაპირობა კიდევ. ეს იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა. ჩვენმა მტერმა ეს ყოველთვის იცოდა და, პირველ რიგში, იერიში მიჰქონდა ხოლმე და მიაქვთ მართლმადიდებლობასა და ჩვენს ეკლესიაზე. ჩვენი ხალხი ყოველთვის დიდი რუდუნებით იცავდა ამ დიდ სიწმინდეს.

ეს დამოუკიდებლობა გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, იმ დრომდე, სანამ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რასაც შემდეგ მოჰყვა საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვა. თქვენ იცით, რომ რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, გაუქმდა ჩვენი ავტოკეფალია; საქართველოს ეკლესია დაექვემდებარა რუსეთის ეკლესიის უწმინდეს სინოდს, სინოდალური მმართველობა დამყარდა, საქართველოში დაინიშნა ეგზარქოსი. აი, ეს ვითარება გაგრძელდა XX საუკუნის ათიან წლებამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ხალხი და ჩვენი სამღვდელოება არ ეგუებოდა ამ ვითარებას, ვინაიდან ეს თავისთავად უკანონო აქტი იყო.

ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო კრებაზე ძალიან მკაფიოდ განაჩინეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ავტოკეფალიას. იქ არის ასეთი სიტყვები, რომ „თავისუფლება ისეთი ღირსებაა, რომელიც თავად განკაცებულმა მაცხოვარმა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარზე სისხლის დაღვრით. შესაბამისად, რაც მაცხოვარმა მოანიჭა კაცობრიობას, ამის ხელყოფისა და წართმევის უფლება არავის აქვს. აი, ასეთი განჩინებაა მესამე მსოფლიო კრებისა. შესაბამისად, ეს იყო უკანანო აქტი, ვინაიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ მსოფლიო კრებას აქვს უფლება, ამა თუ იმ ეკლესიას ჩამოართვას ან შეუჩეროს ავტოკეფალია“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, 1917 წლის თებერვალ-მარტში და 12 მარტს, ახალი სტილით 25 მარტს, დღევანდელ დღეს, მცხეთაში, სვეტიცხოველში, საკვირაო წირვის შემდეგ გამოაცხადეს ავტოკეფალიის აღდგენა.

„შესაბამისად, ჩვენი წინაპრებიც ამას არ შეურიგდნენ. ამას მოწმობს ბევრი წყარო. მაგალითად, ამის შესახებ თავად ერთ-ერთი რუსი ეგზარქოსი წერდა. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენი აჯანყება და ამბოხი იყო XIX საუკუნეში იმპერიის წინააღმდეგ და ეს რუსი ეგზარქოსი თეოფილაქტე წერდა, რომ ყველა ამ აჯანყების უკან, ამ ყოველივეს მიზეზი არის სწორედ საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვაო. შემდეგ ძალიან საინტერესო წერილია კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდესი მოსკოვის პატრიარქ ტიხონისადმი. წერილში იგი შეახსენებს ამ მოვლენებს და ამბობს ასევე, რომ ყველა ქართველი მოღვაწე, ვინც ეწინააღმდეგებოდა ავტოკეფალიის დაკარგვას და იყო აღდგენის მომხრე, იდევნებოდა და გადასახლებაში იგზავნებოდა. მაგრამ ამ დევნის მიუხედავად, ჩვენი ერის სული არ შესუსტდა, არამედ, პირიქით, გაძლიერდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ავტოკეფალიის აღდგენისათვის მოძრაობას შეუერთდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, შემდგომში – პავლე ინგოროყვა, ივანე ჯავახიშვილი და სხვები. და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირები. ესენი იყვნენ ეპისკოპოსები: კირიონ საძაგლიშვილი, შემდგომში – პატრიარქი, ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, მაშინ არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, შემდგომში – პატრიარქი, დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე და სხვები.

აი, ამ დიდი მოღვაწეების საქმიანობამ, ღვაწლმა მოიტანა ის, რომ დადგა ნანატრი დღე, როდესაც ჩვენმა სამღვდელოებამ და ერმა ისარგებლეს იმ დიდი ცვლილებებით, რაც ხდებოდა რუსეთში 1917 წლის თებერვალ-მარტში და 12 მარტს, ახალი სტილით 25 მარტს, დღევანდელ დღეს, მცხეთაში, სვეტიცხოველში, საკვირაო წირვის შემდეგ გამოაცხადეს ავტოკეფალიის აღდგენა. იქ მაშინ ეკლესიის დროებით მმართველად, სანამ აირჩევდნენ ახლა პატრიარქს, დაადგინეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე). აი, ასეთი საოცარი დღე იყო.

იმჟამად ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც აქ განისვენებს, გადასახლებაში იყო რუსეთში, ქალაქ ვიტეცკში და იქიდან მიესალმა, მიულოცა ხალხს ავტოკეფალიის აღდგენა. საოცარ სიტყვებს ამბობს: „გილოცავთ ავტოკეფალიას, ხუნდები აეხსნა ივერიის ეკლესიას, ვინაიდან მონობაში იმყოფებოდა ჩვენი ეროვნული სიწმინდე“. შემდეგ ამბობს, რომ „მდაბიო ერად იყო გადაქცეული ქართველი ხალხი და ტანჯვის ცრემლებსა ჰღვრიდა, ხოლო ახლა სიხარულის ცრემლებს ვაფრქვევთო“. ბოლოს კი ამბობს, რომ „გაუმარჯოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ეკლესიას!“

იმავე წლის სექტემბერში ჩატარდა საეკლესიო კრება. აი, ამ წმინდა ტაძარში შედგა ეს კრება და კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს კირიონ საძაგლიშვილი. გილოცავთ აი, ამ დიდ მოვლენას.

მას შემდეგ ჩვენ გვაქვს ავტოკეფალია, მაგრამ თქვე იცით, რომ ამით ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, იმიტომ, რომ ჩვენ აღვადგინეთ ის, რაც გვქონდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ამას სჭირდებოდა დამოწმება და აღიარება საერთაშორისო დონეზე. ეს კი უკვე ითავა ჩვენმა ამჟამინდელმა უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომლის ღვაწლით, დიდი შრომით, დიდი სულიერებითა და დიდი ავტორიტეტის შედეგად მოხდა სწორედ აღიარება უძველესი დროიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც დასტურდება ეს აღიარება და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ დღეს ვიხსენიებთ ჩვენს დიდ პატრიარქებს, დიდ მოღვაწეებს, ვინც იბრძოდა ავტოკეფალიის აღდგენისთვის და, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვმადლობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამ დიდი ღვაწლისთვის.

უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ეს დიდი ტალანტი და ნიჭი შევინარჩუნოთ, გავამრავლოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიისა და ერის კიდევ უფრო განვითარებისა და გაძლიერებისთვის. აი, ასეთ ურთულეს დროში ერთადერთი ხსნა ჩვენი, როგორც იყო ყოველთვის, არის ჩვენი სარწმუნოება. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს ერთ ადგილას, იგი ახსენებს თავისუფლებასაც, ახსენებს ჭეშმარიტებასაც და ამბობს, რომ „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“.
უფალმა ინებსო, რომ ჩვენმა ხალხმა შეიცნოს ჭეშმარიტება და მოვიპოვოთ თავისუფლება, ჭეშმარიტი, სულიერი თავისუფლება, რის გარეშეც ნამდვილი თავისუფლება არ არსებობს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის 105-ე წლისთავს აღნიშნავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები