ვახტანგ მაისაია: მიხეილ სააკაშვილის საქმეს კიდევ ერთი, 315-ე მუხლი უნდა დაემატოს
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის საქმეს კიდევ ერთი, 315-ე მუხლი უნდა დაემატოს. მაისაიას განმარტებით, ზემოთ აღნიშნული მუხლი გულისხმობს კონსტიტუციური წყობის შეცვლის ხელშეწყობას და განხორციელებას.
„სააკაშვილმა არათუ სცადა, არამედ განახორციელა ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება. ეს გადატრიალება კლასიკური მეთოდისაა, მას სასახლის ტიპის გადატრიალებას უწოდებენ. როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა აჭარბებს თავის უფლებებს, არღვევს კონსტიტუციას და ახორციელებს ხელისუფლების უზურპირებას – ეს არის იგივე გადატრიალება, რომელიც საქართველოში განხორციელდა 2007 წლის 7 ნოემბერს. აღნიშნული გადატრიალება საქართველოში განახორციელა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გაერთიანებამ, რომელშიც შედიოდა თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, თბილისის მერი, რომელსაც თბილისის პოლიციის შემადგენლობა ემორჩილება და ზურაბ ადეიშვილი. მათ შექმნეს არაკანონიერი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება ქართული „ხუნტის“ სახით და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს“,- განმარტა მაისაიამ.
მაისაიამ „ტელეიმედის“ დარბევა გაიხსენა და ის 2002 წელს, НТВ – ს დარბევას შეადარა.
„სააკაშვილმა 2007 წელს გასცა ისეთივე ბრძანება, როგორც 2002 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომლის მეშვეობითც მოხდა НТВ – ს ანალოგიური დარბევა. სააკაშვილის საქმე მომავალში უნდა იქნას გამოყენებული, როგორც პრეცედენტი პუტინის გასამართლებისათვის“,- განაცხადა მაისაიამ.