რუსეთს ტყვედ უკრაინის 100-მდე მოქალაქე ჰყავს აყვანილი, მათ შორის არიან მეზღვაურები კუნძულ ზმეინიდან
რუსეთს ტყვედ უკრაინის 100-მდე მოქალაქე ჰყავს აყვანილი. ამჟამად, ტყვეების გაცვლის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერმინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა თავისი მეზღვაურების წაყვანის სურვილი გამოთქვა, რომლებიც შავ ზღვაში უკრაინელებმა გადაარჩინეს.
„ტყვეებს შორის ზმეინის კუნძულიდან მეზღვაურები არიან, სხვათა შორის, მათი 11 მეზღვაური გადავარჩინეთ და მზად ვართ, ტყვეები გავცვალოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
ვერეშჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა შეძლებს თავისი მოქალაქეების დაბრუნებას.
„არა მხოლოდ მეზღვაურები, როგორც აღმოჩნდა, 92 ადამიანია, თუ არ ვცდები, რომლებიც ტყვედ აიყვანეს“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.