დღეს ყველაზე მეტად არის პოლიტიკური თეატრის დრო!
ლონდონის „ბარბიკან ცენტრის“ სცენა ამ დღეებში ბელორუსიის თავისუფალი თეატრის მასპინძლად იქცა. მინსკიდან დევნილმა თეატრმა ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით შეძლო, ლონდონელი პუბლიკისთვის თავისი ბოლო სპექტაკლი „ევროპის ძაღლები“ ეჩვენებინა.
მათი სცენური თხზულება ემყარება ბელორუსელი მწერლის, ალჰერდ ბახარევიჩის ამავე სახელწოდების რომანს, რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა და უმალ აიკრძალა ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ. თავად მწერალი კი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ეს წიგნი ჯერ უცხო ენებზე არ უთარგმნიათ და ამ მიზეზით თითქმის არავინ იცნობს. ვფიქრობ, ლონდონში წარმოდგენის შემდეგ ბახარევიჩის წიგნს მრავალ ენაზე გადათარგმნიან.
ეს უზარმაზარი 900 – გვერდიანი წიგნია და, ბუნებრივია სპექტაკლში ვერ გაიშლებოდა მისი ყველა შენაკადი. აქ მხოლოდ ძირითადი ხაზი შენარჩუნდა, რომელიც მაყურებელს შოკში აგდებს, თუ რა ბედი ელის ევროპას, თუკი მის წიაღში აღმოცენებულ დიქტატორებს დროზე არ ამოსდებს აღვირს პროგრესული სამყარო?!
ამ დისტოპიურ სანახაობაში, რომელიც მომავლის ყველაზე უარესი განვითარების სცენარს გულისხმობს, 2019 წლიდან 2049 წლამდე პერიოდს მოიცავს. მინსკიდან დევნილი რეჟისორები – ნატალია კალიადა და ნიკოლაი ხალეზინი ნამდვილ ჯოჯოხეთში ამოგვაყოფინებენ თავს, როცა ევროპის სახელმწიფოები და რუსეთის რაიხი ერთმანეთის პირისპირ რჩებიან და მინსკთან ახალი კედელი აღიმართება!
დღეს ყველაზე მეტად სწორედაც რომ პოლიტიკური თეატრის დროა და ყველგან უნდა ნახონ ეს წარმოდგენა. ევროპის ყველა სცენამ უნდა დაუთმოს თავისი ფიცარნაგი მინსკის თავისუფალი თეატრის ამ ბრწყინვალე სპექტაკლს, მის თავგანწირულ და გაუტეხელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც არ დანებდა ლუკაშენკოს ისტერიულ ცენზურას, ვისაც არც საპატიმრო და წამება მოჰკლებია და დღეს ევროპაში დევნილი, მაინც ახერხებს იყოს ყველაზე მებრძოლი, წინასწარმეტყველი და გამომაფხიზლებელიც!
ქართული თეატრი ოდითგანვე გამოირჩეოდა მოწინავე და თამამი აზროვნებით. გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს, კომუნისტური წყობის პიკში, მოფამაფალებული ბრეჟნევის კარიკატურას ვჭვრეტდით რუსთაველის თეატრის სცენაზე და ეს გვიჩენდა მბჭუტავ იმედს, რომ შეიძლება „უძლეველი“ საბჭოთა კავშირიც ასე მოირღვას და ჩამოიშალოსო.
ყველაფერი ისე კეთილად აგიხდეთ, რაც „რიჩარდ მესამის“ დადგმიდან 13 წლის შემდეგ დაემართა ამ ქვეყანა-საფრთხობელას?!
რა სამწუხაროა, რომ დღეს მიზეზთა გამო რუსთაველის თეატრი დასადგმელად ხელს არ მოჰკიდებს „ევროპის ძაღლებს“. თუმცა საქართველოში მრავალი თეატრი და ნიჭიერი შემოქმედებითი ჯგუფია, რომელიც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ბახარევიჩის ამ რომანის ქართული ადაპტაციით და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მასზე მუშაობა. ბახარევიჩი ნოვატორია ლიტერატურაში, დღეს, ბარე ორ ქვეყანას არ ჰყავს ასეთი თამამი და თანამედროვე მწერალი და სანამ ის ითარგმნება ქართულად, სცენას შეუძლია დაასწროს. მინდა ვირწმუნო, რომ ასეც მოხდება. ქართული თეატრი მალე ჩაუღრმავდება ამ ფანტასტიკურ მასალას და შექმნის საუკეთესო სანახაობას, რომელიც ყველა თაობის, განსაკუთრებით კი ახალი გენერაციის მაყურებელს გააცნობიერებინებს – თუ რას ნიშნავს ახალი კედელი ევროპაში და დარჩენა მის მიღმა, ანუ მინსკის მერიდიანზე!
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან