საქართველოს ატლანტიკური საბჭო თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ატლანტიკური საბჭო” თავდაცვის სექტორში “ზედმეტად ცენტრალიზებული მართვის პრაქტიკაზე” საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს ეფექტურობას და დასახული მიზნების მიღწევას ართულებს. აღნიშნულის კონტექსტში საქართველოს ატლანტიკური საბჭო თავდაცვის სამინისტროს არაერთი რეკომენდაციით მიმართავს, რომელზეც ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის შესახებ ახალ ანგარიშშია საუბარი.
“იმისთვის, რომ შეიცვალოს ზედმეტად ცენტრალიზებული მართვის პრაქტიკა თავდაცვის სექტორში, რომელიც ამცირებს ეფექტურობასა და ართულებს დასახული მიზნების მიღწევას, თავდაცვის სამინისტრომ უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილებების მიღების დეცენტრალიზაციის პროცესი თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის პროცესების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მეშვეობით. სრულად უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილების მიმღები საბჭო, მართვის ჯგუფი და დამხმარე სამუშაო ჯგუფები”, – ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ერთი რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში უნდა დანერგოს სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტი. საერთო ჯამში, საქართველოს ატლანტიკური საბჭო თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ათეული რეკომენდაციით მიმართავს. ანგარიშის “საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის პროექტი” პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა.