მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ნინო ბურჯანაძე პასუხობს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ნინო ბურჯანაძე პასუხობს. ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერს მიაჩნია, რომ არანაირი ხარვეზი არ არის იმაში, რომ მისი დაკითხვა ბრალის დადგენილების შემდეგ მოხდა. ბურჯანაძის ინფორმაციით, ის არ არის მიხეილ სააკაშვილის საქმეში ერთადერთი მოწმე, რომელსაც მის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული. ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს და თანაგუნდელებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„მე მესმის სააკაშვილის და მისი ადვოკატის. მათ არანაირი საშუალება არ აქვთ, რომ სამართლებრივად იმართლონ თავი. ამიტომ მათი მთავარი ამოცანაა, რომ ეს საქმე გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში. მე ნამდვილად ვადანაშაულებ ამ ხელისუფლებას, რომ წელიწადი და რვა თვის განმავლობაში არ გააკეთა არაფერი იმისათვის, რომ სააკაშვილისთვის ბრალი წაეყენებინა. სანამ სააკაშვილი აქ ბრძანდებოდა, მანამდე უნდა დაეკავებინათ. მე ყოველთვის ვიცავდი ქვეყნის პოზიციას და სამართლიანობის პოზიციას, ეს პოზიცია კი მოითხოვს სააკაშვილის დასჯას, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. დღეს სააკაშვილი რომ გამოჰყავთ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას უნდა შერჩეს ის დანაშაული, რომელიც ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, მან გამოძიების მასალებში დარღვევა აღმოაჩინა. მისი თქმით, პროკურატურამ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა. როგორც ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე გამოძიებამ ბრალის წარდგენის შემდგომ დაჰკითხა.
„პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა და ბრალის წარდგენის შემდგომ, 15:50 წუთზე დაიწყო ბურჯანაძის დაკითხვა და 17:10 წუთზე დასრულდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება არის აბსოლუტურად უკანონო, დასაბუთებული ვარაუდის არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან მისი გამოტანისას არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.