ნიკოლო მურუსიძე – „შეგიძლიათ აფრინდეთ…“

„ამას მირჩევნია თვითმფრინავი დავშალო და თავიდან ავაწყო“, – მითხრა ნიკოლომ, როცა ინტერვიუსთვის კითხვებით მივმართე. თუმცა როცა წარმატებული ხარ ისეთ სფეროში, როგორიც ავიაციაა, კითხვები თავისთავად ჩნდება… საზოგადოებას კი აინტერესებს გზა წარმატებისკენ… ამიტომ 22 წლის ავიატორი, ლექტორი და სტუდენტი ნიკოლოზ მურუსიძე პერსონის რესპონდენტია.

– როგორ მოხვდი „დიდ ავიაციაში“ ?
– საავიაციო მიმართულებით სწავლა 2009 წელს დავიწყე, როდესაც სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ავიაკოსმოსურის (შემდგომში – საინჟინრო) ფაკულტეტზე, სპეციალობით საფრენი აპარატებისა და საავიაციო ძრავების წარმოება, ტექნიკური ექსპლუატაცია და რემონტი, რომელიც წარჩინებით დავამთავრე (წითელი დიპლომი) 2013 წელს. წელი რომ არ დამკარგვოდა, გავედი ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე და ჩავაბარე კვლავ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში.
2012 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის ლაბორანტად, ხოლო 2013 წლიდან კი მასწავლებლის თანამდებობა დავიკავე. ვმუშაობ თელავის აეროპორტში „მიმინო“, საავიაციო ტექნიკური ბაზის დირექტორის დამხმარე ინჟინერ-მექანიკოსად.
– რამ მიგიზიდა პილოტის კაბინეტში?10585579_876751645686463_2042559327_n
-ზუსტად ვერ გეტყვით, როდის გამიჩნდა სურვილი, რომ ავიატორი გავმხდარიყავი, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ილუმინატორიდან დანახული თვითმფრინავი „შერემეტევოს“ აეროპორტში, რომელიც დასაფრენად ემზადებოდა. ეს მომენტი პატარა ბავშვს დამრჩა თვალებსა და გულში. ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა ჩემი ავიაციისადმი სიყვარული და ინტერესი და ინტენსიური სახე მიიღო სკოლის ასაკშივე. მაშინ წავიკითხე წიგნი „შეგიძლიათ აფრინდეთ“, რამაც ჩემზე ძლიერ იმოქმედა. გადაწყვეტილი მქონდა, მფრინავი გავმხდარიყავი, მაგრამ ფინანსების გამო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვიცოდი, რომ საფრენოსნო ექსპლუატაციის სტუდენტი ვერ გავხდებოდი…
გული არ გავიტეხე და ავიაციისადმი დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ სხვა მხრიდან შევსულიყავი ავიაციის დიდ ოჯახში და ჩავაბარე ავიაკოსმოსურის ფაკულტეტზე. ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები და გავხდი საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც დაიწყო ყველაფერი… 4 -წლიანმა თავაუღებელმა შრომამ ფუჭად არ ჩაიარა და დღეს ქართული ავიაციის წარმომადგენელი და წევრი ვარ.
– ალბათ ამდენი შრომის შემდეგ კიდევ უფრო დასაფასებელია ამ სფეროში მუშაობა..
– ყველაზე სასიამოვნო არის ის, რომ საყვარელ საქმეს ემსახურები და ამით სარგებელი მოგაქვს. ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა თუ თვე არის სასიამოვნო იმით, რომ შენ საჰაერო ხომალდს ემსახურები, იმ საქმეს აკეთებ, რომლის გამოც წლების განმავლობაში ბეჯითად და გულმოდგინედ სწავლობდი და სწავლობ. ყოველდღე გასაფრენად გაუშვა თვითმფრინავი, დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი ნდობა, რომელიც აუცილებლად უნდა გაამართლო.
– თუმცა არის სირთულეებიც..
– ყველა პროფესიას თუ საქმიანობას აქვს თავისი სირთულეები, რომლის დაძლევაც უნდა შეძლო. სირთულეების გარეშე საქმის წარმართვა ნამდვილად არ იქნება ნაყოფიერი, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ერთ მშვენიერ დღეს სირთულეს აუცილებლად შეხვდები. ამისათვის მზად უნდა იყო, რათა შეძლო მისი გადალახვა და აღმოფხვრა. სირთულის გამო ხელი არ უნდა ჩაიქნიო, პირიქით, საქმეს უფრო გულმოდგინედ უნდა მიუდგე და ყველანაირი ძალისხმევით უნდა შეძლო სირთულის დამარცხება, რაც, თავის მხრივ, უამრავ რამეს გასწავლის და გამოცდილებას შეგძენს.
– რისკი შენი პროფესიის ნაწილია. თუ გქონდა გაცნობიერებული ეს, როდესაც ნაბიჯი გადადგი ავიაციისკენ?10342620_876751655686462_588368536_n
– ბავშვობის ასაკში ამის გაცნობიერება რთულია, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რამდენად სარისკოა ეს ყველაფერი, მაგრამ ცხოვრება რისკისა და ცდის გარეშე არ გამოვა. ჩვენი ყოველი დღე ავიაციაში რისკია, რომელსაც ნელა-ნელა ეჩვევი და გამოცდილებას იძენ – რაც ყველაზე მთავარია. წლები და გამოცდილება განახვებს რისკის ფასს და მის გაცნობიერებას.
– ერთდროულად ხარ სტუდენტიც და ლექტორიც. როგორ ახერხებ სხვადასხვა როლის მორგებას?
– თავიდან რთული იყო, მაგრამ ნელა-ნელა შევძელი ამ სირთულის დაძლევა. მიუხედავად სირთულეებისა, წამით არ შევჩერებულვარ. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის წარმართვა და რეჟიმად ქცევა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა, მათი რჩევა-დარიგებებისა და გვერდში დგომის გარეშე გამიჭირდებოდა.
– გარდა მფრინავის წოდებისა, რას გულისხმობს ეს საქმიანობა?
– მფრინავის პროფესია ერთ-ერთი რთული საქმიანობაა ავიაციაში, იგი მოითხოვს დიდ ცოდნას, გამოცდილებას, ალღოს, რისკისაკენ სწრაფვას. მფრინავობა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებ, რადგან შენ ნდობას გიცხადებენ და შენი სჯერათ. მფრინავმა არც ერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას, მან ყველაფერი ზუსტად უნდა გააკეთოს, რათა მშვიდობით აფრინდეს, იფრინოს და დაფრინდეს.
– გეგმავ ახალი პროფესიით აქტიურ საქმიანობას?
– დიახ, სამომავლოდ ვგეგმავ. ბავშვობის ოცნებას „გავხდე მფრინავი“ ასრულება უნდა. ვაგრძელებ სწავლა-განათლებასა და შრომას, რომ მივაღწიო იმ მიზანს, რომლის გამოც დაიწყო ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მჯერა, რომ შევძლებ მათ დაძლევას და იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც მფრინავის პროფესია ჰქვია. ვშრომობდი, ვშრომობ და ვიშრომებ ავიაციისათვის.
– რა ჩანს მაღლიდან?
– ბევრისთვის ფრენა უბრალოდ გართობაა, ბევრისთვის მხოლოდ სურვილის დაკმაყოფილება, მაგრამ ჩვენთვის ფრენა მთელი ცხოვრებაა, რომლის გამოც ყველაფერს ვაკეთებთ. როდესაც მიფრინავ მაღლიდან, ჩანს შენი თავი, საკუთარი შესაძლებლობები, ცოდნა, ყურადღება, პასუხისმგებლობა, ფიქრობ უამრავ საკითხზე და ყოველ წამს საკუთარ თავს გამოცდას უტარებ, რამდენად იცი და რამდენად შეძლებ. ცაში ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და სწორედ მაშინ ათვითცნობიერებ. თუ რა საქმეს ემსახურები და მზად ხარ მისთვის ყველაფერი გააკეთო.

ნანუკა ალავიძე

10568718_876751659019795_1049572097_n

10588653_876751649019796_2117392456_n

10590005_876751652353129_253581695_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები