დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.

პარლამენტის ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდასა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განმარტა, რომ შეთანხმებით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ და სატრანზიტო მიმოსვლაში. ასევე, მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიასა და ნებისმიერი ხელშემკვრელი ქვეყნის ტერიტორიას შორის კვოტირებული ნებართვის საფუძველზე, მხოლოდ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოტრანსპორტით.

სხდომაზე კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს. „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმება“ ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური ელექტრო და დიზელზე მომუშავე, დაბალძირიანი ავტობუსების შეძენას, რომლებიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, პროექტი ხორციელდება EBRD-ის მიერ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 5.5 მლნ ევროს ოდენობით და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის E5P-ის ფინანსური მხარდაჭერით 1.5 მლნ ევროს ოდენობით გამოყოფილი სესხით.

მომხსენებლის თქმით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი და მომსახურება ამავე შეთანხმების პირობების შესაბამისად, დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს მსესხებელსა და ბანს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. „შესაბამისად 2022 წლის 8 თებერვალს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „ბათუმის ავტობუსების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც შეთანხმების ფარგლებში ჩამოურიცხავი სესხის ნაწილი, 224 ათასი ევრო მოხმარდება ბათუმის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, კერძოდ, საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების შეძენასა და დამონტაჟებას ქალაქ ბათუმის მასშტაბით, რითაც საბოლოოდ მოწესრიგდება ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე რატიფიცირების საკითხს.

სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებოდნენ მოგების გადასახადისა და დღგ-საგან. ასევე, მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

მომხსენებლის, სალომე სამადაშვილის თქმით, ეს ყოველივე გამოწვეულია იმით, რომ „კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ეს, ცხადია, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ძალზე მძიმედ აისახა. არასახარბიელოდ გამოიყურება ქართული მედიის ფინანსური მდგომარეობაც. მოცემული ცვლილება კი მედიის საშუალებებს და იქ დასაქმებულ პირებს ამოსუნთქვის და განვითარების საშუალებას მისცემდა“.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითია, რამდენადაც ცვლილება არ არის არგუმენტირებული და ამასთან იწვევს ბიუჯეტში ცვლილებებს, რაც ამ ეტაპზე მთავრობას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

დავით სონღულაშვილმა მომხსენებელს ასევე შეახსენა საბიუჯეტო კოდექსის მე-20 მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის აუცილებელი მოთხოვნები, რომლის თანახმადაც თუ კანონპროექტის მიღება იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილებას, ის შეიძლება პარლამენტმა მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ.

შესაბამისად კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები