მოკლული რეინჯერის დედა: შამათავა ჩემი შვილის მკვლელობის საქმეშიც თუ გამართლდება, სასამართლოსთან თავს მოვიკლავ
რომან შამათავა ჩემი შვილის მკვლეობის საქმეშიც თუ გამართლდება, პირობას ვდებ, სასამართლოს შენობასთან თავს მოვიკლავ – ასე ეხმაურება სატყეო დეპარტამენტის მოკლული მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის დედა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუდის ყოფილი ხელმძღვანელის რომან შამათავს ტერორიზმის ბრალდებაში გამართლების ფაქტს. როგორც თამარ არღვლიანმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რომან შამათავა როგორც მისი შვილის მკვლეობაში, ისე ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეშიც დამნაშავეა. მოკლული რეინჯერის დედა ეჭვობს, რომ შამათავას აქვს ზეწოლის ბერკეტები, რომელთაც სასამრთლოზე ზემოქმედებისთვის იყენებს. თამარ არღვლიანი პირობას დებს, რომ სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს და მისი შვილის საქმეზე შამათავას გამართლებას არ დაუშვებს.
“ჩემი შვილის და კიდევ არაერთი ადამიანის მკვლელი შამათავა, დარწმუნებული ვარ, ასევე დამნაშავეა ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეში. დღეს უსირცხვილოდ გამოდიან მისი ადვოკატები და გვიმტკიცებენ, რომ შამათავას ბრალი არაფერში მიუძღვის. აბა გაბედოს ვინმემ და სასამართლოზე ზეწოლის განხორციელებას შეეცადოს, მთელი სვანეთი და საქართველო დადგება ფეხზე. დამნაშავე კანონის მთელი უზენაესობით უნდა დაისაჯოს. დააპიროს სასამართლომ და შამათავას ხელი დააფაროს, პირობას ვდებ, თავს მოვიკლავ. დღემდე იმ მოლოდინით ვცხოვრობ, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისჯებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ენით აუწერელი ამბავი დატრიალდება“, – განუცხადა “კვირას“ თამარ არღვლიანმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს რომან შამათავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ხოლო ტერორიზმის ბრალდებაში იგი უდანაშაულოდ ცნეს. რაც შეეხება სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმეს, ამ საქმეზე, განზრახ მკვლელობის და წამების მუხლებით, აფხაზეთის კუდის ყოფილი უფროსი რომან შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში გასულ თვეში მიეცა. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ კი ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო. ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.