როგორ მოხდება კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოყენება – თამარ გაბუნიას განმარტება

როგორ მოხდება კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ გამოყენება – ამის შესახებ განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა.

როგორც გაბუნიამ “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს.

“პროტოკოლი განსაზღვრავს ჩვენებებს, როდის უნდა გამოიყენოს ექიმმა წამალი. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ლოჯისტიკური დეტალები, თუ როგორ მიიღებს ბინაზე მყოფი პაციენტი წამალს, ვინ დაუნიშნავს წამალს და ვინ გაუწევს მეთვალყურეობას იმაზე, თუ რამდენად სწორად მიიღო მედიკამენტი და გამოუვლინდა თუ არა რაიმე გვერდითი მოვლენა. ჩვენ სრული დეცენტრალიზაციის პირობებში, უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისივე უბნის ოჯახის ექიმი დაუკავშირდება პაციენტს, რომელსაც იცნობს, იცის მისი მდგომარეობა, ამდენად, ოჯახის ექიმი დღეს ყველაზე საუკეთესო პოზიციაშია, რომ სწორად განსაზღვროს მედიკამენტის დანიშვნის საჭიროება. ოჯახის ექიმი ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, შემდეგ ჩვენი ონლაინ კლინიკის ექიმები ამაზე მონიტორინგს გააგრძელებენ და მედიკამენტის მიწოდება მოხდება პაციენტისთვის ბინაზე იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით სხვადასხვა მიზნისთვის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები