პოდოლიაკი – მოლაპარაკებებზე: ძალიან რთული პროცესია, რუსული სტერეოტიპები რთულად იმსხვრევა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები ერთმანეთს ყოველდღიურად ეკონტაქტებიან.

მისი თქმით, უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის.

ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ბევრი სადავო საკითხია, პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტიების შესახებ – ანუ ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტებია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების სტრუქტურა რთულია, დელეგაციებს შორის არსებობს შეთანხმება, არ განიხილონ „სამშვიდობო დოკუმენტი“, სანამ მხარეები კომპრომისულ პოზიციაზე არ შეჯერდებიან და რომელიც შემდგომ შეიძლება, გასაჯაროვდეს.

თუმცა, პოდოლიაკის თქმით, “რუსული მხარე ხშირად ცდილობს, გაასაჯაროოს საკუთარი ისტორიები”, რომ უკრაინულ მხარეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს და უკრაინულ საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიოს.

„არის რუსეთის პოზიცია – ის პროპაგანდისტულია. სამყაროს აგებულების შესახებ რუსებმა თავი ერთგვარ ილუზიაში ჩაიგდეს. და არის უკრაინის პოზიცია, რომელიც საჯაროდ გააჟღერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის საკვანძო ფასეულობებია. წერტილი. რაც შეეხება თავად მოლაპარაკების პროცესს – ის ამიტომაც მიმდინარეობს, რომ გამოიძებნოს, რა საკითხებზე და სადამდე შეგვიძლია მოლაპარაკება. თუ ვერ შევთანხმდებით, ამასაც ვიტყვით. მაგრამ სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ნებისმიერი უყურადღებო სიტყვა მნიშვნელოვანია. ეს ძალიან რთული პროცესია და ახლა აჟიოტაჟისთვის რაღაცის თქმა ცუდია, არასწორია. პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის სახელმწიფოს საფუძველი. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რუსეთის პოზიციებზე ვისაუბრო. მათ შეუძლიათ, ყველაფერი თქვან. ეს მათი პოზიციაა. საკითხი – ჩვენს პოზიციაშია და ჩვენი პოზიციის დაცვა ბრძოლის ველებზე მიმდინარეობს. უკრაინა არანაირ დათმობებზე არ მიდის იმიტომ, რომ ეს ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ერთიანობაა”, – თქვა პოლიტიკოსმა.

პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ რუსებს ცუდად ესმით თანამედროვე სამყარო და უკრაინა და ომამდე, სუსტი ანალიტიკის გამო, „საბედისწერო შეცდომები დაუშვეს“, რადგან არასწორად შეაფასეს როგორც საკუთარი, ისე – უკრაინის რესურსები.

„მათ ძალიან უჭირთ იმ სტერეოტიპების დამსხვრევა, რომელშიც 8 წელი იცხოვრეს. პროპაგანდისტული ილუზიიდან გამომდინარე, მიიღეს საბედისწერო გადაწყვეტილებები და დღემდე ვერ ეუბნებიან საკუთარ თავს: ჩვენ ვცდებოდით. ძნელია, ეს გავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე, რადგან საჭიროა, რეალური სამყარო უფრო ადეკვატურად და უფრო პრაგმატულად შეაფასო“, – თქვა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები