„პროკურატურამ ნინო ბურჯანაძე ბრალის წარდგენის შემდეგ დაჰკითხა“

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ გამოძიების მასალებში დარღვევა აღმოაჩინა. მისი განცხადებით, პროკურატურამ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა. როგორც ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე გამოძიებამ ბრალის წარდგენის შემდგომ დაჰკითხა.
„პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა და ბრალის წარდგენის შემდგომ, 15:50 წუთზე დაიწყო ბურჯანაძის დაკითხვა და 17:10 წუთზე დასრულდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება არის აბსოლუტურად უკანონო, დასაბუთებული ვარაუდის არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან მისი გამოტანისას არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ამასთან, ადვოკატმა ნინო ბურჯანაძე რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაანაშაულა და მას 2007 წლის 9 ნოემბერს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება შეახსენა.
„2007 წლის 9 ნოემბერს ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან თავმჯდომარის რანგში მიმართა მოსახლეობას, კოლეგებს და თავის გამოსვლაში თქვა, რომ ქვეყანამ აიცილა სახელმწიფო გადატრიალების უმნიშვნელოვანესი საფრთხე, რომ სახელმწიფო გადატრიალების აღსაკვეთად გატარდა შესაბამისი ზომები და ყველა ცივილიზებული სახელმწიფო და ხელისუფლება ანალოგიურად მოიქცეოდაო. ყველასთვის ცნობილია, რომ ის თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და არის პუტინის ფავორიტი“, – აღნიშნა კახიძემ.
ნინო ბურჯანაძის დაკითხვის ოქმი სულ 5 ფურცელია, გამომძებელს დასმული აქვს სამი შეკითხვა. ბურჯანაძე დეტალურად ყვება, თუ როგორ მოხდა 7 ნოემბერს აქციის დარბევის გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ უკვე „ტელეიმედში“ შესვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები