„შამათავას გამართლების ფაქტმა დამარწმუნა, რომ სასამართლოზე კვლავ “ნაციონალები“ ძალადობენ“

არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია სასამართლოს მიერ ტერორიზმის ბრალდებაში რომან შამათავას გამართლების ფაქტს ეხმაურება. მიქაია “კვირასთან“ საუბრისას გადაწყვეტილებას უსასამართლოს უწოდებს და აცხადებს,რომ ე.წ ხურჩის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სწორედ შამათავა იყო. მისი შეფასებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის ქვეშაა.
“ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, სწორედ რომან შამათავამ თენგიზ გუანავასთან და ახალაიასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით ე.წ ხურჩის ტერაქტი მოაწყო. ყველა დეტალი მათი შეთითხნილია. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასამართლო კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ გავლენას განიცდის. ისეთი დამნაშვისთვის და არამზადისთვის, როგორიც შამათავაა, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სამარცხვინოა“,-აღნიშნა მიქაიამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს რომან შამათავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო ტერორიზმის ბრალდებაში იგი უდანაშაულოდ ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები