მამუკა მდინარაძე: ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის საკითხი არ არის რომელიმე ოპოზიციონერის შესათანხმებელი

ხატია დეკანოიძეს პირადი კონტაქტები რაშიც აქვს უკვე გამოყენებული, უფრო სწორად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს უკრაინაში რაშიც აქვთ პირადი კონტაქტები გამოყენებული, ეს უკვე გაშიფრულია და ახლა ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის გამოყენებას, პიარ და პოპულისტურ სვლებს თავი დაანებონ, გაათვითცნობიერონ, რომ ასეთი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის თანხმდება და ამიტომ, მათ „დალაგებულ“ საკითხს ვერ განვიხილავთ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას, საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის თაობაზე.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტში ჩართვის საკითხი არ არის რომელიმე ოპოზიციონერის შესათანხმებელი, მსგავსი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის თანხმდება.

“სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოდან ელჩი გაწვეული ჰყავს და ალბათ, ასეთი ინიციატივების დაყენების დროს ეს უხერხულობა უნდა გაითვალისწინონ, რათა საკუთარ ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეუქმნან. უკრაინას მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად და ომში მყოფი ქვეყნის ადმინისტრაციას არ ვაიძულებთ, განმარტებები აკეთონ. პრეზიდენტის ჩართვის საკითხები არ არის რომელიმე ოპოზიციონერის შესათანხმებელი, მსგავსი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის თანხმდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას. ხოლო, „ლელომ“ ეს ინიციატივა დღეს საქართველოს პარლამენტში დააყენა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები