რუსეთში აცხადებენ, რომ დონბასში ტუბერკულოზის გავრცელება შესაძლოა, ხარკოვის ბიოლაბორატორიას უკავშირდებოდეს
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის, იგორ კირილოვის განცხადებით, 2018 წელს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული შტამებისგან 70 ადამიანის გარდაცვალება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობასთან.
ამის შესახებ კირილოვმა ბრიფინგზე თქვა.
„ყურადღებას იქცევს 2018 წელს ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებ მოქალაქეებში ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრი ზრდა, რომელიც გამოწვეული იყო ახალი მულტირეზისტენტული შტამებით. ამ მონაცემებს ადასტურებენ “როსპოტრებნადზორის” სპეციალისტებიც. პესკის დასახლებულ რაიონში, აფეთქების დროს, დაავადების 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც სწრაფი ლეტალობით დასრულდა. ეს შეიძლება, მიუთითებდეს მიზანმიმართულ ინფიცირებაზე, ან პათოგენის შემთხვევით გაჟონვაზე უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბიოლოგიური ლაბორატორიიდან“, – განაცხადა მან.