ვარდის, გვირილისა და ვერხვის სიმბოლიკა გალაკტიონის შემოქმედებაში – 17 მარტი პოეტის გარდაცვალების დღეა

17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აკადემიკოსი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„1959 წლის 17 მარტს, საღამოს 6 საათზე, დასრულდა გალაკტიონის სიცოცხლე. გთავაზობთ ამონარიდებს ჩემი პუბლიკაციებიდან ვარდის, გვირილისა და ვერხვის სიმბოლიკაზე გალაკტიონის შემოქმედებაში.
გალაკტიონი ვარდებს მრავალი მნიშვნელობით ხმარობს.
აუცილებლად დავასახელებ ოთხ წამყვან მნიშვნელობას: პირველი გახლავთ ვარდი, როგორც უმშვენიერესი ყვავილი. მეორე არის ვარდი, როგორც მშვენიერების სიმბოლო. მესამე, ვარდი, როგორც არტისტული შემოქმედების უმშვენიერესი ნაყოფი და შედევრი, დაბოლოს, ვარდი, როგორც ღვთისმშობლის სიმბოლო.
გთავაზობთ გალაკტიონის მაგალითებს და მათ ანალიზს ბოლო ორ მნიშვნელობასთან კავშირში.
ვარდის, როგორც შედევრის მოტივი გაისმის 1927 წლით დათარიღებულ ცნობილ ლექსში „გულო, რა გემართება?“
შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?
36 წლის პოეტი ცხოვრების ამ ხანას შემოდგომად მიიჩნევს. შემოქმედებით დიდებას ის შემოდგომის ყვავილებით, ანუ სიმწიფის ასაკში შექმნილი ნაწარმოებებით ეგებება. თუმც, აქვე იმასაც ნაღვლობს, რომ ამ ყვავილებს შორის არ არიან ვარდები, ე. ი. აღარ არიან შედევრები – უმშვენიერესი პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც მან გაცილებით ადრე შექმნა. ასეთად გვესახება ლექსის მომენტური განწყობა, სადაც გამორიცხული არაა წარმოსახვითი განცდა უფრო გვიანი ასაკისაც.
ამ ლექსთან კავშირში შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ცნობილი სიმღერა გიგა ლორთქიფანიძის კინოსერიალიდან „დათა თუთაშხია“. გალაკტიონის ტექსტზე მუსიკის დაწერა ძალიან ძნელია, რადგან მისი ლექსი უკვე თავადაა მუსიკა. კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე ის ბედნიერი გამონაკლისია, რომელმაც პოეტური შედევრის მიხედვით მუსიკალური შედევრი შექმნა. ნანი ბრეგვაძისეულმა შესრულებამ სიმღერის ლირიზმი და დრამატიზმი, უდავოდ, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა.
ახლა გვმართებს, ვარდების მეოთხე მნიშვნელობაზე ვისაუბროთ.
როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე ვარდი ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოა და იგი ასოცირებულია ღვთისმშობელთან. ამიტომაც ფერწერაში ხშირად შეხვდებით მადონას, რომელიც ვარდით ხელშია გამოსახული ან თავზე ვარდების გვირგვინი ადგას. ღვთისმშობლის გზით ვარდი ქრისტიანულ სიწმინდეს უკავშირდება.
გავიხსენოთ 1915 წლით დათარიღებული ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ და საკუთრივ მისი სტრიქონი: „აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით“. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ვარდსა და გვირილას, გარდა იმისა, რომ პოეტი აქ ყვავილებით შემკობილ სასაფლაოს აღწერს? ქრისტიანულ ფილოსოფიაში ვარდი ღვთისმშობლის სიმბოლოა, ხოლო გვირილა – ყრმა ქრისტესი. ამგვარად, გალაკტიონმა ღვთისმშობელი ყრმა ქრისტესთან ერთად გამოსახა.
ანალოგიურია ამ სიმბოლოთა დატვირთვა ლექსში „ვერხვები“:
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
სამწუხაროდ, რუსულ და ევროპულ თარგმანებში ეს სიმბოლიკა ასახული არაა და, ნაცვლად ვარდისა და გვირილისა, ხან მხოლოდ ვარდი გვხვდება, ხან – წითელი ყვავილები და ა. შ.
მავანმა და მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ აქ შემთხვევითი დამთხვევაა. გავიხსენოთ თუნდაც კიდევ ერთი მაგალითი. ისევ 1915 წელს შექმნილ ლექსში „ვერხვები“ „ვარდსა“ და „გვირილას“, როგორც ღვთისმშობელსა და ყრმა ქრისტეს, ჯვარცმა ენაცვლება და ეს სიმბოლურად ვერხვითა და ვერხვის ფოთლების შრიალით გადმოიცემა: „ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი / აშრიალდება უშორეს ზღაპრად“.
ქრისტიანულმა ტრადიციამ ვერხვთან კავშირში ორი ლეგენდა შემოგვინახა: პირველის თანახმად, ჯვარი, რომელზედაც ქრისტე ეცვა, ვერხვის ხისგან იყო გამოთლილი, ხოლო მეორე მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დახარა ქრისტეს ჯვარცმის დროს ყველა ხემ თავი, ნიშნად დიდი მწუხარებისა. გამონაკლისი ვერხვის ხე იყო, რომელიც ურჩობის გამო ზენამ დასაჯა და, იქიდან მოყოლებული, ის მარად თრთის.
როგორც ვხედავთ, გალაკტიონი ამ უკანასკნელ ვერსიას იზიარებს და მოშრიალე ვერხვის ხე სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვითაა წარმოჩენილი. პარალელურად იქმნება ბუნების მშვენიერი სურათი ვერხვის ფოთოლთა შრიალისა, რომელიც თავისი ჰაეროვნებითა და მღელვარებით კიდევ უფრო რომანტიკულს ხდის ლექსში მოქცეულ პოეტურ სახეებს.
როდესაც XX საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი, მომავალში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გადასახლებაში იმყოფებოდა, ის გულმოდგინედ აკვირდებოდა ბუნების მოვლენებს და მასში თურმე გაოცებას იწვევდა ვერხვის ხე, რომელიც თრთოდა და ირხეოდა მაშინაც კი, როდესაც სიო არ იძროდა და სხვა ყველა ხე გარინდებულიყო. ამ დაკვირვების შინაარსი აღბეჭდილია მისსავე მიმოწერაში და დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ეპისკოპოსს აინტერესებს, ხომ არ არის ხალხში რაიმე თქმულება ამის შესახებ. მსგავსი კითხვებით ეპისკოპოსი ხშირად ვაჟა-ფშაველასაც მიმართავდა. როგორც ჩანს, პასუხი ამ კითხვაზე ეპისკოპოსს არ მიუღია.
ჩვენ არ ვიცით, რამდენად ცნობილი იყო გალაკტიონისთვის ეპისკოპოსის დაკვირვება და მის მიერ დასმული კითხვები, მაგრამ, ფაქტია, რომ ვერხვთან დაკავშირებული ლეგენდის ცოდნა გალაკტიონმა იდუმალებით აღსავსე საბურველში გაახვია და ის ახალი პოეტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია“, – წერს ინესა მერაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები