“იზოლაციაში ყოფნისას მე ვგრძნობდი, რომ თქვენ ჩემთვის იბრძოდით” – ტყვეობიდან გათავისუფლებული ფიოდოროვი უკრაინელებს მიმართავს

მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მელიტოპოლის მოქალაქეებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერასა და დახმარებისთვის მადლობას უხდის.

“პატივცემულო მელიტოპოლელებო, ეს ჩემი პირველი ვიდეოა 6- დღიანი დაკავების, ტყვეობისა და გათავისუფლების შემდეგ. პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მელიტოპოლელს, რომლებსაც დაკავების, რეპრესიებისა და დაკითხვების საშიშროების მიუხედავად საკუთარ პოზიციას იცავდა, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე გამოდიოდა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ჩვენ თავისუფალი ერი ვართ. ჩვენ – უკრიანელებს, მელიტოპოლელებს ასეთი წესი გვაქვს – საკუთარი პოზიციების და ინტერესების ხმამაღლა დაცვა.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციულ ვაკუუმსა და იზოლაციაში ყოფნისას მე ვგრძნობდი, რომ თქვენ ჩემთვის იბრძოდით.
აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე, მთელს ჩვენს გუნდთან ერთად, უკრაინის დროშას მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე აღვმართავთ. ისინი კი, ვინც ეს დროშა ჩამოხსნეს, ჩვენს მშვენიერ ქალაქში უკვე აღარ იცხოვრებენ. დიდება უკრაინას!”, – აცხადებს მელიტოპოლის მერი.

ფიოდოროვი რუსმა ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს, გუშინ კი, უკრაინული მხარის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები