კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლას მტერმა, კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შეიწიროს, რომ დასავლელმა ლიდერებმა ჩვენს მოთხოვნებს გასცენ პოზიტიური პასუხი უკრაინის ცის ჩაკეტვაზე ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ასე სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომლითაც გასული დღე შეაჯამა.
მისი თქმით, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ დამყარებული ვითარება არაფრით განსხვავდება მეორე მსოფლიო ომისდროინდელ, ლენინგრადის ბლოკადისგან.
“საბოლოოდ, მელიტოპოლის მერის ტყვეობიდან დახსნა მოხერხდა. იმ მელიტოპოლის, რომელიც მტერს არ დანებდა და არც არასდროს დანებდება. ივან ფიოდოროვი თავისუფალია! ოკუპანტებმა ის 11 მარტს გაიტაცეს. შესთავაზეს კოლაბორაცია, თუმცა, ჩვენმა ბიჭმა გაუძლო, არ დანებდა, ისევე – როგორც მთელი უკრაინა. იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინელები ვართ და ყოველთვის დავიცავთ ჩვენსას და ჩვენიანებს.
დღეს ბერდიანსკში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უთხრეს ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობენ. ოკუპანტებო, დაბრუნდით სახლებში, ასეთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესაძლებლობა აქვს თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მათი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან – ყველას, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია და არ არის დაჭრილი ან ტყვედ ჩავარდნილი. რუსული ჯარი განიცდის ისეთ დანაკარგს, როგორიც არც სირიის და არც ჩეჩნეთის, ასევე, არც საბჭოთა ჯარებს ჰქონიათ ავღანეთში. თუ ეს ომი კიდევ გაგრძელდება, რუსი დედები იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე მათ ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომებში ერთად დაკარგეს.
თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დადებს, გადარჩენის შანსს მიიღებს. მივმართავ რუს წვევამდელებს, რომლებიც ამ ომის ცეცხლში ჩააგდეს, სხვის ომში, ასევე, სხვა რუს ჯარისკაცებსაც, რომლებსაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ – დაყარეთ იარაღი, რადგან ეს ბრძოლის ველზე დაღუპვაზე უკეთესია.
ჰუმანიტარულმა დერეფნებმა დღეს არ იმუშავა, რადგან რუს ოკუპანტებს სროლები არ შეუწყვეტიათ და უსაფრთხოების გარანტიები არ დაიცვეს. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყვანოთ ხალხი და გავაგრძელოთ ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ არ შეგვიძლია, ხალხი ქუჩაში, ტყვიების წვიმაში დავტოვოთ. გაგვიგეთ! მით უმეტეს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის არ არსებობს სამხედრო დანაშაული, რომელზე წამსვლელებიც ისინი არ არიან.
დღეს მოხერხდა 6 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მარიუპოლიდან, აქედან 2 000-ზე მეტი ბავშვი იყო. რუსი ოკუპანტები ამ დერეფნის შეჩერებასაც ცდილობდნენ და ცეცხლი გახსნეს. 5 უკრაინელი დაიჭრა, მათ შორის 2 ბავშვია. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.
ოკუპანტებმა ჩერნიგოვში პურის რიგში მდგომ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. წარმოიდგინეთ, 10 დაღუპულია.
მარიუპოლში მტერმა ქალაქის ცენტრში არსებული დრამატული თეატრი მიზანმიმართულად დაბომბა. იქ სროლებისგან თავს ასობით ადამიანი აფარებდა. შენობა მთლიანად დანგრეულია. დაღუპულთა რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. გული მისკდება იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს.
რუსეთის მოქალაქეებო, რით განსხვავდება მარიუპოლის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ლენინგრადის ბლოკადისგან?! ვის კვალს მივყვებით?! არ დავივიწყებთ მტრისგან მოკლულ ადამიანებს, მარადიული ხსოვნა დაღუპულებს.
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლას მტერმა, კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შეიწიროს, რომ დასავლელმა ლიდერებმა ჩვენს მოთხოვნებს გასცენ პოზიტიური პასუხი უკრაინის ცის ჩაკეტვაზე ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ასე სჭირდება.
ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრე. უკრაინამ შესაბამისი მხარდაჭერა მიიღო. დიდი მადლობა ამერიკელ კონგრესმენებს და პრეზიდენტ ბაიდენს. დიდი მადლობა დემოკრატიულ სამყაროს მხარდაჭერისთვის, თუმცა, ომი მაინც არ წყდება. რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაული არ მთავრდება და რუსეთის ეკონომიკას თავისი არმიის შენახვის ძალები ჯერ კიდევ აქვს.
ამიტომ, მსოფლიომ რუსეთს ახალი, უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს და გამოაცხადოს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ უკრაინამ მიიღოს იმაზე მეტი დახმარება, ვიდრე ახლა ვიღებთ. საჰაერო თავდაცვის სისტემები, თვითმფრინავები.
კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას როგორც ამერიკელებს, ასევე, ყველა სხვა პასუხისმგებლიან ქვეყანას, ახალი ალიანსის, “ევროპა 24″-ის შექმნა შევთავაზე. ახალი კავშირი, რომელიც მოგვცემს გარანტიას – უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი აგრესორი ქვეყანა კოორდინებულ პასუხს მიიღებს სწრაფად და ეფექტურად, დაუყოვნებლივ და არა – ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ, არამედ პირველ 24 საათში.
ჩვენ აღარ შეგვიძლია, ვენდოთ მოქმედ ინსტიტუციებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გავთვალოთ ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები შეიცვლებიან, ამიტომ, ვალდებულები ვართ, ახალი გარანტიები მოვიძიოთ, შევქმნათ ახალი ინსტრუმენტი. გავაწევრიანოთ ის ქვეყნები, რომლებსაც ყოფნით სიმამაცე, გააკეთონ ის, რაც საჭიროა.
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, გადავდგათ ისტორიული ნაბიჯი. ჩვენ შევძელით, გავმხდარიყავით ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების წევრები. ამ მიზნისკენ ათწლეულების განმავლობაში მივდიოდით და ეს აღსრულდა. მადლობელი ვარ ჩვენი ქვეყნის თითოეული ენერგეტიკოსის, ყველასი, ვინც ამაზე მუშაობდა.
ჩვენ ვმუშაობთ ომის შემდგომი, ქვეყნის აღდგენის პროგრამაზე. თითოეულ უკრაინელს, რომელმაც ომის დროს დაკარგა სახლი, ბინა, ხელისუფლება დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს მალე აღდგენას მიუხედავად იმისა, როგორი განადგურებულიც უნდა იყოს ის და ეს იქნება ისტორიული აღმშენებლობა.
ვესაუბრე უკრაინის მეგობრებს, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, კანადის პრემიერ ტრუდოს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და მშვიდობის მისაღწევად ახალი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე შევთანხმდით. ირლანდიის პრემიერმინისტრთან საუბრისას, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ მოკლული ირლანდიელი ჟურნალისტის ოჯახის წევრებს მივუსამძიმრე. ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეინს და იძულებით გადასახლებული ადამიანების დახმარებაზე შევთანხმდით.
ხვალ დილით გერმანელ პარლამენტარებს სიტყვით მივმართავ. გავაგრძელებ ბრძოლას უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რუსეთისთვის ზეწოლის გასაზრდელად.
მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნები სრულიად გასაგებია. ესენია ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რეალური გარანტია და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნის.
დიდება ჩვენს ყველა გმირს, დიდება უკრაინას”, – აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.