“პროკურატურის განცხადება პოლიტიკური მანიფესტია, ეს სკოლის მოსწავლეებსაც ესმით“

პროკურატურის განცხადება, რომ პოლიტიკური მანიფესტია, ეს სკოლის მოსწავლეებსაც ესმით – ასე ეხმაურება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილისთვის, მისთვის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებას. უგულავა მიიჩნევს,რომ მიხეილ სააკაშვილისათვის ნებისმიერ ფასად ბრალის წაყენება და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოპოვება ბიძინა ივანიშვილის დაუოკებელ სურვილ წარმოადგენს.
„როგორც ჩანს პროკურატურა აცნობიერებს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება „ტელეიმედისა“ და რიყის ეპიზოდში სრული ფიასკოთი დამთავრდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამჯერად პროკურატურის სამიზნე არც მე, არც კეზერაშვილი, არც მერაბიშვილი და არც ადეიშვილი არ არის. ფაქტია, რომ ივანიშვილის დაუოკებელ სურვილ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისათვის ნებისმიერ ფასად ბრალის წაყენება და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოპოვება, ხოლო ამის შემდეგ მისი წითელ ცირკულარზე დასმა, რომ მას შეეზღუდოს საერთაშორისო აქტივობა. ცხადია, რომ ივანიშვილის გარდა ეს ყველაზე მეტად მის დაუძინებელ მტერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუხარდება. შუა საუკუნებრივ სტილში ივანიშვილმა თავის იმპერატორს ძღვენი მიართვა. ბრალდება იმდენად ზერელე და აბსურდია, მისი განხილვა საზოგადოების მოცდენა იქნება“, – ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში.
უგულავას განცხადებითვე , ბიძინა ივანიშვილმა ყველა დასაშვები წითელი ხაზი გადაკვეთა, საკუთარ ხალხს და ქვეყნის ისტორიას დაუწყო ბრძოლა.
“უფრო მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური თამაშები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებს და განკარგავს ქვეყნის ბედს. ივანიშვილმა ხალხისგან ფარულად მიიღო გადაწყვეტილება რომ პუტინსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გავლებულ ხაზზე, პუტინის მხარე დაიჭიროს, მაშინ როცა ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. მან ყველა დასაშვები წითელი ხაზი გადაკვეთა, დაუწყო ბრძოლა საკუთარ ხალხს და ქვეყნის ისტორიას. ეს ბრძოლა ძირშივე განწირულია მარცხისათვის, ხოლო ჩვენი ყველა პატრიოტული ძალის მიზანია ეს ყველაფერი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავატანინოთ ქვეყანას“, – აღნიშნავს უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები