ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ახალი ალიანსის შექმნა შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს ახალი ალიანსის – United for peace-ის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს, მასში შემავალი ქვეყნებისთვის ყველა საჭირო დახმარება 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს.
”უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო და სამართლიანი იქნებოდა, რომ იმავე დღეს, 24 საათში დასრულებულიყო. ამგვარად, ბოროტება მაშინვე დაისჯებოდა. თუმცა, დღეს მსოფლიოს ასეთი ინსტრუმენტი არ გააჩნია.
წარსულის ომებმა ჩვენი წინამორბედები შთააგონა, შეექმნათ ინსტიტუტები, რომლებიც ომისგან დაგვიცავდნენ, მაგრამ ისინი არ მუშაობენ. ამას ვხედავთ ჩვენც და ამას ხედავთ თქვენც. სწორედ ამიტომ, საჭიროა ახალი ინსტიტუტები, ახალი ალიანსები.
ჩვენ ვთავაზობთ, შეიქმნას ასოციაცია – U-24 – United for peace. პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოების გაერთიანება, რომელსაც ექნება ძალა და სინდისი კონფლიქტების დაუყოვნებლივ შესაჩერებლად; რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება 24 საათის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში – იარაღით და თუ საჭირო გახდება სანქციებით, ჰუმანიტარული მხარდაჭერით, პოლიტიკური მხარდაჭერითა და ფინანსებით.
გარდა ამისა, ასეთ ასოციაციას შეეძლება, დახმარება გაუწიოს სტიქიური უბედურებებით, ჰუმანიტარული კრიზისით ან ეპიდემიით დაზარალებულებს”, – განაცხადა ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.