ზელენსკი – აშშ-ის კონგრესს: თუ ცას ვერ ხურავთ, საჰაერო თავდაცვითი სისტემები მოგვეცით

უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე გამოვიდა და ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემისკენ ან ცის დახურვისკენ მოუწოდა.

“რუსეთმა უკრაინაში უკვე ათასზე მეტი ბომბი ჩამოაგდო, ასეთი ტერორი ევროპას 80 წელია, არ უნახავს და ამ ტერორზე მთელი მსოფლიოს პასუხს ვითხოვთ. თუ არასაფრენი ზონის გამოცხადება ძალიან ბევრია ადამიანების გადარჩენისთვის, ალტერნატივას გთავაზობთ. თქვენ იცით, რა თავდაცვის სისტემები გვჭირდება – S-300 და სხვა მსგავსი სისტემები”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და აშშ-ისგან, მაგრამ თქვა, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს“.

მისი თქმით, უკრაინის ბედი ამჟამად რუსეთის შემოჭრის პირობებში წყდება.

„ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენი ხალხის ბედი, იქნებიან თუ არა თავისუფალი უკრაინელები, შეძლებენ თუ არა თავიანთი დემოკრატიის შენარჩუნებას. რუსეთი თავს არა მხოლოდ დაგვესხა, არა მხოლოდ ჩვენს მიწას დაესხა, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს, მან დაიწყო სასტიკი თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე, ძირითად ადამიანურ ღირებულებებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები