„რა შეიძლება იცოდნენ ამერიკელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა სააკაშვილის სამართალდარღვევებზე“

სააკაშვილი და დემოკრატიის ამერიკელი ქურუმები – ამ სათაურით პოლიტიკური ორგანიზაცია “ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კვარაცხელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციას აფასებს და მათ კრიტიკას დაუსაბუთებელს უწოდებს. კვარაცხელიას აინტერესებს, რა შეიძლება იცოდნენ ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა, ან ევროპელმა მაღალჩინოსნებმა სააკაშვილის მიერ ჩადენილ კონკრეტულ სამართალდარღვევათა შესახებ. მისივე თქმით, დასავლეთში, ზოგადად, სამართლის უზენაესობას ქადაგებენ, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევისთვის მათ კონკრეტული მიდგომა აქვთ.
“სააკაშვილს ბრალი წაუყენეს და დაკითხვაზე დაიბარეს. – ეს პოლიტიკური დევნაა! – იყვირეს „ნაციონალებმა“. – ეს პოლიტიკური დევნაა! – იყვირეს დემოკრატიის ამერიკელმა ქურუმებმაც… პოლიტიკოსის სამართლებრივ დევნაში ყოველთვის რჩება ადგილი, ერთი მხრივ, პოლიტიკური მოტივით დევნაში მართლა დასაეჭვებლად და, მეორე მხრივ, ამ საკითხით სპეკულირებისთვის, მაგრამ ამან ვერცერთ შემთხვევაში ვერ უნდა შეუშალოს ხელი სამართლის განხორციელებას. დასავლეთში, ზოგადად, სამართლის უზენაესობას ქადაგებენ, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევისთვის მათ კონკრეტული მიდგომა აქვთ და, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და xxl_10575კერავენ… რა შეიძლება იცოდნენ ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა, ან ევროპელმა მაღალჩინოსნებმა სააკაშვილის მიერ ჩადენილ კონკრეტულ სამართალდარღვევათა შესახებ? არც არაფერი. მაშინ რატომ გაჰყვირიან ისინი მსოფლიოს გასაგონად სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური დევნის შესახებ? ისინი პატიოსანი პოლიტიკოსები და პატიოსანი ადამიანები რომ იყვნენ, ასე ზერელედ და ჰაერში კი არ დაიწყებდნენ ლოზუნგების სროლას, არსებული წესის შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატით დააკვირდებოდნენ ძიების მიმდინარეობას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და თუ სადმე პროცედურულ ან ფაქტობრივ უზუსტობასა და გადაცდომას, ან საქმის წარმოებაში პოლიტიკური მოტივის კვალს წააწყდებოდნენ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში განაცხადებდნენ ხმამაღალ პროტესტს.
სამწუხაროდ, ისინი, სწორედ იმის გამო, რომ უპატიოსნო პოლიტიკოსები და უპატიოსნო ადამიანები არიან, წესსა და რიგს არ დაგიდევენ და უპასუხისმგებლო განცხადებებს ყოვლად უაპელაციოდ ისვრიან… ამას იმიტომაც აკეთებენ, რომ ამგვარი ცრუპენტელობის მისაღებად ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ნოყიერი ნიადაგი ეგულებათ. სამწუხაროდ, ქართველთა ერთი ნაწილისთვის დასავლეთის სახელით მოლაპარაკე ნებისმიერი ვიგინდარა და შარლატანი პოლიტიკოსი რაფინირებულობისა და უმაღლესი ზნეობის განსახიერებად აღიქმება ჯერ კიდევ… ხომ გესმით, რას გაჰყვირიან სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, – დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენების შემთხვევაში, დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნებაო. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კი არა, კოლონიად აღიქვამს, რომელსაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ენით კი არ უნდა ელაპარაკოს, არამედ დირექტივებისა და ინსტრუქციების ენით უნდა ელაპარაკოს. ნაციონალური ოპოზიცია ამიტომაც არის გაოცებული, – ეი, თქვენ, ქართველებო, როგორ არ გესმით, რას გეუბნებიან საქართველოს ამერიკელი და ევროპელი დირექტორებიო! როგორი ცხადი და უტყუარი მტკიცებულებაც არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის წინააღმდეგ, ვიდრე ამერიკისგან საამისო თანხმობას არ მიიღებენ, მას ბუზსაც ვერ აუფრენენ. ამგვარ თანხმობას კი იქამდე ვერ მიიღებენ, ვიდრე ამერიკელებს თავიანთ შავბნელ საქმიანობაში სააკაშვილი და მისნაირი ზომბები სჭირდებათ… არადა, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ სჭირდებათ“,- წერს ვალერი კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები