ზელენსკი კიევში მეგობარი ქვეყნების ლიდერებს ეპატიჟება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების პირველ პირებს კიევში სტუმრობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც კიევში 15 მარტს ჩავიდნენ.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტის სამიზნეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გაბედული ნაბიჯია ჩვენ გვერდით მეგობრების გვერდით ყოფნა. ასე ვლინდება ლიდერობა“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მან დასძინა, რომ ის უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
„აქ შეიძლება, უსაფრთხო ვითარება არ იყოს, რადგან ჩვენი ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის დაკეტილი ჯერ არ არის. ჰაერში ჩვენი არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თვითმფრინავები არ მიგვიღია. მაგრამ თქვენ ნამდვილად იცით, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანის ყურადღება ჩვენი დედაქალაქისკენ არის მიპყრობილი. ვინც ჩვენთანაა, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხის მადლიერებას დაიმსახურებს“, – თქვა ზელენსკიმ.