შმიგალი: უკრაინის აღდგენისთვის, წინასწარი გათვლებით, 565 მილიარდი დოლარია საჭირო
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, ქვეყნის აღდგენისთვის 500 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო.
ამის შესახებ მან პოლონეთის, სლოვენიისა და ჩეხეთის პრემიერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროკავშირი უკვე დღეს გვიცხადებს ძლიერ მხარდაჭერას. ასევე, აქ წარმოდგენილი თითოეული ქვეყანა. ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას უკრაინის აღდგენის დაფინანსების თვალსაზრისით. მოვუწოდებთ მთელს მსოფლიოს, დაეხმაროს უკრაინას ამ ომის დასრულებაში, შეავსოთ ჩვენი სახელმწიფოს რეკონსტრუქციის ფონდები და აღვადგინოთ. მადლობელი ვართ იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ათობით სახელმწიფო და მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში უწევს უკრაინას“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის მთავრობაში შექმნილია და მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის ზარალის შეფასებით არის დაკავებული.
„წინასწარი გათვლებით, ამჟამად, უკრაინის ზარალი 565 მილიარდ დოლარზე მეტია. რეალურად, ეს არის ის თანხები, რომლებიც იქნება საჭირო ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად, რაც მოხდება როგორც რუსეთის რეპატრიაციების, ასევე ჩვენი პარტნიორების დახმარების ხარჯზე“, – განაცხადა მან.
როგორც შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინის მთავრობა იმუშავებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ რუსეთის ქონება იყოს დაყადაღებული.
„ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორი ქვეყნებიც შეუერთდებიან ამ ამბიციურ გეგმას“, – განაცხადა მან.