ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირს დეტალურად იხსენებს

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 4 ნოემბერს, მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით გამართული თათბირის დეტალებს იხსენებს. როგორც ვასილ მაღლაფერიძემ “პალიტრა -ტვ”-ს გადაცემა “რეზიუმეში” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, თათბირს მართავდა იმდროინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მის პირდაპირ იჯდა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ:  დათა ახალაია, რომელიც მაღლაფერიძის ინფორმაციით, იმ დროისთვის ოფიციალურად თანამდებობაზე არ იმყოფებოდა, თუმცა არაოფიციალურად კუდ-ის თუ სოდ-ის შეფი იყო, დავით კეზერაშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გოგა ხაჩიძე და გუბერნატორები. მისივე თქმით, გიგი უგულავა თათბირზე შედიოდა და გადიოდა და საუბარს ფორმალურად არ დასწრებია. მაღლაფერიძის თქმით, ტექსტი 5 ნოემბერს, თათბირიდან მეორე დღეს დაწერა და იმდროინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს გადასცა, რადგან ჩათვალა, რომ სახელმწიფოში ეს ერთადერთი ინსტიტუტი იყო დარჩენილი, ვისთანაც შეიძლებოდა ამ საკითხისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემა.
“ეს იყო 4 ნოემბრის თათბირი. მაგ დროისთვის მიტინგები მიმდინარეობდა. თათბირზე საუბარი იყო, რომ რეგიონებიდან ჩამოსული და თბილისელი მომიტინგეების მიმართ უნდა ყოფილიყო ფიზიკური ანგარიშსწორება და დაშინება, რათა, შემდგომში, სამომავლოდ, მათ პოლიტიკური აქტივობა აღარ გამოემჟღავნებინათ და ყოფილიყვნენ “წესიერად”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
წამყვანის შეკითხვას, რომ გუბერნატორები ვანო მერაბიშვილთან დაიბარეს რათა, მათაც მიეღოთ მონაწილეობა რეგიონებიდან ჩამოსული მომიტინგეების ცემაში, ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ “სწორედ ამაზეა საუბარი”. მისივე თქმით, ტექსტი მეორე დღეს სახალხო დამცველს გადასცა. ასევე ის  ინგლისურად ითარგმნა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – თომას ჰამარბერგსა და პიტერ სემნებს გადაეცა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, იმედი ჰქონდა, რომ სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და ჟურნალისტების მხრიდან მეტი აქტივობა იქნებოდა.
2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც. როგორც მან გადაცემა “რეზიუმეში” სტუმრობისას განაცხადა, “ეს ინფორმაცია ჰქონდა იმ დღეს, როდესაც ეს ამბავი მოხდა”.
“4 ნოემბერს, ღამე, 5-ში გამთენიას მივფრინავდი ვილნიუსში. შეხვედრა ორგანიზებული იყო UNISEF-ის მიერ. მაღალი დონის შეხვედრები იყო გაერო-ს მიერ ორგანიზებული. უცებ მირეკავს ვასიკო.  თქვა, რომ რაღაც სასწრაფო საქმე აქვს და უნდა მნახოს. მივედი და მომიყვა სიტყვა-სიტყვით, რაც დაწერა. ბუნებრივი რეაქცია მქონდა. მე ჩავთვალე, რომ წასვლა არაფრით არ შეიძლებოდა. მეორე დღეს ვასიკოს დაწერილი ჰქონდა ის წერილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს წერილი იმავე დღეს მივეცი სათარგმნად. ეს იყო თემა, რომელიც იმ დღეს ბევრმა მოწმემ იცოდა. იცოდა, ჩემმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა გიორგაძემ. იცოდა ვასიკოს მოადგილემ, თარჯიმანმა. ხოლო 8-ში ეს დოკუმენტი ძალიან მაღალი დონის უცხოელ დიპლომატებს გადავეცი”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები