“აღარ მინდა, საშინელი ქვეყნის მოქალაქე ვიყო” – რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დახია

კიევში მცხოვრებმა, რუსეთის მოქალაქემ, მარინა გრიხოსკიხმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროტესტის ნიშნად, მოქალაქეობაზე უარი თქვა და პასპორტი დახია.

გრიხოვსკაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ამ დრომდე არ აპროტესტებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, “როგორია რუსეთი, ვინ არის პუტინი. თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკის მიღმა ხართ, ის არ გაინტერესებთ”.

“მაგრამ, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, თქვენი ჩუმი თანხმობის შედეგია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ვცხოვრობ აქ და არასდროს მიგრძნია დისკრიმინაცია ან რაიმე სახის საფრთხე იმის გამო, რომ რუსულ ენაზე ვსაუბრობ. პირიქით, ხალხი ყოველთვის მზად იყო, ყველაფერში დაგვხმარებოდა.

მეგობრებო, ეს ყველაფერი მოხდა თქვენი ტოლერანტული, აპოლიტიკური მიდგომის გამო. თქვენ არ შეგიძლიათ, იყოთ პოლიტიკის მიღმა. ძალიან კარგად ვცხოვრობდით იქამდე, ვიდრე აქ რუსული არმია არ შემოიჭრა. ნადგურდება ქალაქები, ინფრასტრუქტურა, იღუპებიან ადამიანები, საუკეთესო ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინელები საკუთარ თავს და სიცოცხლეს იცავენ და თქვენ ამაში მონაწილეობთ. არ შეიძლება, გვერდით გადგეთ. თქვენ გაქვთ რეალური შესაძლებლობა, ეს ომი შეაჩეროთ.

აღარ მინდა, საშინელი ქვეყნის მოქალაქე ვიყო. მაპატიე – დედა, მაპატიე – შვილო, თქვენთან ჩამოსვლას ვეღარ შევძლებ”, – თქვა მარინა გრიხოსკიხმა და პასპორტი დახია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები