“ისრაელი ვერ გახდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემოვლითი გზა” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
ისრაელი ვერ გახდება შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემოვლითი გზა, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ბრატისლავაში სლოვაკ კოლეგასთან, ივან კორჩოკთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ისრაელი ვერ გახდება აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალება. საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ საკითხს ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ისრაელის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, აეროპორტების სამმართველო, ენერგეტიკის დეპარტამენტი და სხვა“, – განაცხადა ლაპიდმა.
დიპლომატის თქმით, ისრაელი ცეცხლის შესაჩერებლად და მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს. მისი თქმით, ებრაული სახელმწიფო შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებთან კოორდინაციაში მუშაობს, რომ “ამ ტრაგედიის გაგრძელება იყოს შეჩერებული”.
„არავითარი გამართლება არ აქვს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არ აქვს გამართლება თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა ლაპიდმა.