სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის
სომხეთმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფს ბაქოსთან მოლაპარაკებების ორგანიზების თხოვნით მიმართა, რომელზეც სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
“სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რასაკვირველია, უნდა უძღოდეს მოლაპარაკების პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ ორმხრივი განცხადებები ჯერ არ არის გადაზრდილი კონკრეტულ მოლაპარაკების პროცესში, რადგან ორ ქვეყანას პირდაპირი დიალოგის გამართვის მდიდარი გამოცდილება არ აქვს, სომხეთმა შუამავლებს მიმართა (ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს) მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადეს სომხეთის საგარეო უწყებაში.
მანამდე, სომხეთში აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის პირობა მთიან ყარაბაღში სიტუაციის სრული დარეგულირება უნდა იყოს.
ამავდროულად, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ, 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, მისი კაბინეტი მზადაა, რეგიონში მშვიდობის ეპოქა გახსნას.