შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია
ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. დღეს აქ არ იმყოფება უკრაინის ელჩი, რომელიც გაწვეულია, თუმცა ჩვენ მოვიწვიეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მინდა პარლამენტის სახელით გადავცე მას ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს და მოწვეულ სტუმრებს მოუწოდა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
“რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცით და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა. 2.5 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწია საკუთარი სახლ-კარისა და სამშობლოს დატოვება, თუმცა ყველაზე სულისშემძვრელია ის ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიები, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს აქ არ იმყოფება უკრაინის ელჩი, რომელიც გაწვეულია, თუმცა ჩვენ მოვიწვიეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მინდა პარლამენტის სახელით გადავცე მას ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და სხდომის დაწყებამდე გთხოვოთ პარლამენტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.