ევაკუაცია ჯოჯოხეთიდან – რაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ბუჩადან და გოსტომელიდან გამოიქცნენ

ირპენის ხიდზე გადაღებული ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დაქანცული ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ ჯოჯოხეთის ყველა წრეს, სწორედ აქედან გადაჰყავთ უსაფრთხო ტერიტორიაზე.

„სწრაფი“ წითელი ჯვრის და სამოქალაქო ავტომობილები, მუდმივი აფეთქებებისა და სროლის აკომპანემენტით, დანგრეული ხიდისკენ მიემართებიან, რათა დაშავებულები გამოიყვანონ. მოხუცები, ბავშვები, სახლის ბინადრები და სხვა ტავმირებული ადამიანები პატარა გადასასვლელზე ხელით გადაჰყავთ.

„ადამიანები აქ სხვების საშველად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად მოდიან. რუსები არ უყურებენ, გაქვთ თუ არა პრესის ან წითელი ჯვრის მოწმობა. ყველას განურჩევლად კლავენ,“ – ამბობს ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკი.

ხიდზე გადასვლა ათასობით ადამიანის მხოლოდ ნახევარი გზაა. შემდეგ მათი გზა მიდის კიევის საავადმყოფოში ან ბელგოროდში, სადაც ევაკუაციის სატრანზიტო პუნქტია.

ფაქტობრივად, ბელგოროდი ევაკუირებული ადამიანების შეკრების ადგილია. ე.წ. „მწვანე დერეფნების“ გახსნიდან დღემდე აქ, დაახლოებით, 50 ათასმა ადამიანმა გამოიარა.

სპეციალურად მოწყობილ მოედანზე საველე სამზარეულო დგას დაზარალებულების დასაპურებლად. აქვეა სამედიცინო ოთახი, ფსიქოლოგის კაბინეტი, პოლიცია და მაშველები.

ავტობუსებიდან და ავტომობილებიდან გადმოსვლისთანავე ადამიანებს მოსვენების საშუალებას აძლევენ ძალების აღსადგენად, რათა გზის გაგრძელება შეძლონ იმ მარშრუტებზე, რომლებსაც ისინი თავად აირჩევენ.

იქ არსებულ ატმოსფეროს ერთი სიტყვით ვერ გადმოსცემ. ეს, ერთდროულად, გადარჩენის სიხარული და დაკარგულზე დარდია.

ომის ჯოჯოხეთს ზოგიერთი ხალათში ჩაცმული გამოექცა, ზოგმა კი, ყველაფრის ჩალაგება მოასწრო. პრობლემები საბუთებთან, კავშირთან, საწვავთან… ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ რასთან უწევთ გამკლავება ლტოლვილებს.

ჟურნალისტების მისვლის დროს ბელგოროდში მიჰყავდათ ხალხი გოსტომელიდან, ბუჩადან, ბოროდიანკადან, მიკულიჩედან და ნემიშევიდან.

ადგილზე იყო დიმიტრი ნაზარენკო, კიევის საოლქო საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც მიმდინარე პროცესებს აკონტროლებდა.

„აი, ახლა მოჰყავთ ხალხი გოსტომელიდან, 15 ავტობუსს დავხვდებით,“ – და ხელს ავტობუსებისა და ავტომობილის კოლონებისკენ იშვერდა. 

ევაკუირებულთა უმრავლესობა ადგილზე კომუნალური მომსახურების მანქანებით მიდის. მხოლოდ ერთეულები მიდიან საკუთარი მანქანებით, ჩამსხვრეული ფანჯრებით ან მათ მაგივრად აკრული პარკებითა და ხელებზე თეთრი ნაჭრებით. აქ ნახავთ ძველ მანქანებსაც და ახალ „ლენდ კრუიზერებსაც“. ომი არ არჩევს ადამიანს მისი სოციალური ფენის მიხედვით.

მშვიდობიან დროს ეს მანქანები შეიძლება ქორწილის კოლონაში შეშლოდა ვინმეს, მაგრამ ახლა პირსაწმენდებისგან და დახეული ფარდებისგან დამზადებული თეთრი ნაჭრები ყველაფერს ამბობს. მთავარია, თეთრი იყოს… ზოგიერთ მანქანაზე დაინახავთ წარწერას – „ბავშვები“. მაგრამ, ჩამსხვრეული ფანჯრებით თუ ვიმსჯელებთ, ამ წარწერას ოკუპანტებისთვის მნიშნვნელობა არ აქვს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობა ვართ. პირველი დღიდან თეთრებით დავდივართ,“ – ამბობს ანა გოსტომელიდან. 

„პირველი დღე“ ანასთვის შემოჭრის დღეა, 24 თებერვალი. საღამოს მან სახლში დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან რომ მისი ბინა გოსტომელში, რომელიც პირდაპირ აეროპორტთან იყო, მუდმივად თავდასხმის ქვეშაა. ანამ ვერაფრის წამოღება ვერ შეძლო.

„ჩვენ სარდაფში ჩავედით და დღემდე იქ ვცხოვრობდით. იგივე მაცვია, რაც სამი კვირის წინ მეცვა.“

როგორ ჩანს, არც ანას გამოუცვლია ტანსაცმელი. ის გრძელი ლურჯი ხალათით იდგა. კითხვაზე, თუ როგორ ექცეოდნენ რუსები, ის პასუხოსბს – „არც ისე ცუდად“.

„მათ ეუბნებოდნენ, რომ სახლში 28-ში დაბრუნდებოდნენ. გვიყვებოდნენ, რომ ცოლები და შვილები ჰყავთ. ერთი სამი შვილის მამაა, რომელსაც ერთ-ერთი ქალიშვილი გაუთხოვდა. მან საერთოდ არ იცოდა, აქ რას აკეთებდა,“- დინჯად და თითქოს თანაგრძნობით იხსენებდა ანა. 

თუმცა, ასეთი გამოხმაურება ოკუპანტებზე ძალიან იშვიათობაა. საერთო ჯამში, ადამიანებს მათზე არაფრის გაგონება არ სურთ.

„ისინი პირველივე დღიდან რაღაც სიებს ადგენდნენ, რომლებშიც ადამიანებს წერდნენ ტერიტორიული თავდაცვიდან და აქტივისტებიდან. ხალხი სახლებიდან გამოჰყავდათ. ზოგი სადღაც მიჰყავდათ, ზოგს პირდაპირ ადგილზე კლავდნენ,“ – იხსენებს ბუჩას მკვიდრი დიმიტრი. 

ის ბელგოროდში დამტვრეული მანქანით ჩამოვიდა. ისევ იგივე სურათი: ჩამოსხვრეული ფანჯრები, საქარე მინა, სროლის კვალი და ნაღმების ანასხლეტები. ასეთი მანქანით წამოიყვანეს ბუჩადან ხალხი სერგეიმ და დიმიტრიმ.

„ჩვენ ეს ავტობუსი ვიპოვეთ. ადრე რაღაც ხაზზე მოძრაობდა. ვინც კი შევძელით, მანქანაში ჩავსვით. რამდენიმემანქანიანი კოლონა შევქმენით და წამოვედით“, – ამბობს სერგეი. 

„დავდიოდით ბუჩაში და ვკითხულობდით: „რა ხდება, მივდივართ?“ ვფიქრობდით, რკინიგზა იქნებოდა. შეიძლება ახლა უკანაც გავბრუნდეთ, ხალხი ხომ კიდევ დარჩა ქალაქში. ჩვენ იქ ბებია-ბაბუები დაგვრჩა. ისინი ვერ დავარწმუნეთ, რომ წამოგვყოლოდნენ. სახლების ნახევარზე მეტი უკვე განადგურებულია, მაგრამ ისინი საკუთრი საცხოვრებლებიდან მაინც ვერ გამოვიყვანეთ. დადიან და კითხულობენ, სად დამალონ გასაღები, რათა არ დაეკარგოთ. მე კი ვეუბნები: „რად გინდა გასაღები, სახლი აღარ გაქვს…“, – ჰყვება სერგეი. 

ბელგოროდიდან გამოსვლის გზა ბევრი არაა … ყველაზე ადვილი კიევის რკინიგზის სადგურია. მათ ირჩევენ ისინი, ვისაც კიევში ელოდებიან. ვისაც ომისგან შორს წასვლა უნდა, ისინი მოხალისეების ავტობუსებს ელოდებიან. თუმცა, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: ომში გამარჯვების შემდეგ, სახლებში აუცილებლად დაბრუნდებიან!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები