თორნიკე შარაშენიძე: ჩერნობილში ბირთვული კატასტროფის მოწყობა რუსეთს უკრაინაზე ნაკლებად არ დააზარალებს

“ჩერნობილში ბირთვული კატასტროფის მოწყობა რუსეთს უკრაინაზე ნაკლებად არ დააზარალებს. ასევე, დაზარალდება მისი პარტნიორი ბელარუსი, ამიტომაც, ვფიქრობ, ამას არ ჩაიდენს, თუმცა, რუსეთისგან ვერაფერს გამოვრიცხავთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, უკრაინის ოკუპაცია ადვილი არ იქნება.

“უკრაინა ასე იბრძვის სწორედ იმიტომ, რომ ერთიანია მთავრობა, ჯარი და ხალხი და თან სამივე თავგანწირვით ომობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვითარება მძიმეა. ვიცით, რომ მარიუპოლში უკრაინის არმიის ნაწილი ალყაშია. ამ ქალაქის დაკარგვა უკრაინისთვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ომი დასრულდება. კიევის აღება ოკუპანტისთვის თითქმის დაუძლეველ ამოცანად იქცა, ამის გარეშე კი ვერ წარმომიდგენია, პუტინმა უკან დაიხიოს და ომი შეწყვიტოს. რთულია დაზუსტებით თქმა, რას აპირებენ რუსეთში, რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ცხადია, პუტინს სჭირდება სამხედრო წარმატება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, სხვა შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება. ერთი ვარიანტია, დაიკავოს შავი ზღვის სანაპირო, მივიდეს ოდესამდე ან ოდესის აღებაც სცადოს, მთლიანად მიიერთოს ეს ტერიტორია და გაჩერდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მგონია, რომ კიევის აღების გარეშე უკან არ დაიხევს, თუმცა ამას როგორ ან რამდენ ხანში მოახერხებს, თუ საერთოდ მოახერხა, რთული სათქმელია, თანაც ეს რუსეთს დიდ მსხვერპლად დაუჯდება. კიევი რომც აიღოს, უკრაინა წინააღმდეგობას ასე იოლად არ შეწყვეტს, რაც ასევე უდიდეს ზარალს მოუტანს რუსეთს. უკრაინის ოკუპაცია ადვილი არ იქნება. ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ამას ემატება ისიც, რომ რუსეთს სანქციები უფრო და უფრო მოახრჩობს და საბოლოოდ პუტინი მაინც მარცხისთვის არის განწირული. უკვე ჩანს, რომ იმაზე გაცილებით მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს, რომ უკრაინაში შეჭრა, ეს აგრესია, საბოლოოდ რუსეთისთვის კარგად შემობრუნდეს. უკანდასახევი გზა პუტინს აღარ აქვს, ამიტომაც არის საფრთხე, რომ ის უარს არაფერზე იტყვის. ვხედავთ, რომ ომში დაქირავებული მებრძოლების ჩართვას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, პირდაპირ ქალაქების ნგრევაც დაიწყოს, როგორც გროზნოში გააკეთა.რაც შეეხება დასავლეთის მოქმედებას, ჩემი აზრით, კეთდება მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეუძლიათ. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – დასავლეთის ქვეყნების მთავრობები პასუხს აგებენ საკუთარ მოქალაქეებთან და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ქვეყნის მცხოვრებთ რუსეთთან ომი არ სურთ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთი აკეთებს ყველაფერს – უკრაინას აწვდის იარაღს, რუსეთს უწესებს უმძიმეს სანქციებს… ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს სანქციები აზარალებს დასავლეთსაც. ასეთ მძიმე სანქციებს რუსეთიც არ ელოდა, ბრძოლაში არმიით ჩართვის ვალდებულება კი არც ერთ ქვეყანას არა აქვს, რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის. ამ კონფლიქტში ნატოს ეგიდით სამხედრო მონაწილეობა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს წარმოშობს… სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. რუსეთი ამ მოლაპარაკებებს თანხმდება მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა უთხრას თავის მოსახლეობას, ჩვენ ველაპარაკებით, მაგრამ ისინი ჯიუტობენ, არაფერს თმობენო. ზელენსკი ცდილობს, ყველა ხერხი გამოიყენოს და დაანახოს მსოფლიოს, რომ ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად, მაგრამ, ვფიქრობ, არც ერთ მხარეს არა აქვს ილუზია, რომ მოლაპარაკებებით რამე გადაწყდება. ვთქვათ, უკრაინამ თქვა, არ შევალთ ნატო-შიო, მაგრამ რუსეთი ამას არ დათანხმდება, რადგან პუტინს სჭირდება უფრო მნიშვნელოვანი შედეგი. გავიხსენოთ, ომის დაწყებამდეც რას ითხოვდა – სულ მცირე, ყირიმის აღიარებასა და ნეიტრალიტეტს. ახლა, როცა ომი დაიწყო, უკან ვეღარ დაიხევს და მხოლოდ უკრაინის მიერ ნატო-ზე უარის თქმას არ დასჯერდება. მეორე მხრივ, უკრაინაც საკუთარი ტერიტორიის ნებაყოფლობით დათმობას არ შეეგუება.

რაც შეეხება კითხვას – არსებობს ვარაუდი, რომ როგორც უნდა დასრულდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ამ ყველაფერს შესაძლოა მისი დაშლა მოჰყვეს – ძალიან რთული შეკითხვაა… რუსეთის დაშლა არ იქნება ასეთი მარტივი პროცესი და არც მგონია, მისი დაშლა ამ ეტაპზე ვინმეს სურდეს. მას აქვს უზარმაზარი ბირთვული არსენალი, რაც, ამ ქვეყნის დაშლის შემთხვევაში, შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდ ხიფათად იქცეს. გარდა ამისა, მის დაშლას შეიძლება მოჰყვეს ისლამური ტერორიზმის გამოღვიძება თუნდაც ჩვენს მეზობლად და ა.შ. მოკლედ, რუსეთის დაშლა მთლად სანატრელი ამბავი არ არის, მისი დასუსტება კი გარდაუვალია. აი, ამის მერე როგორ გადანაწილდება მსოფლიო, როგორ შეიცვლება ბალანსი, ეს არის საინტერესო. რუსეთი ისე დასუსტდება, რომ ეს დაასუსტებს მის მეზობელ ჩინეთსაც თუ პირიქით, რუსეთის დასუსტებით გაძლიერდება ჩინეთი, რომელიც რუსეთს თავის უმცროს პარტნიორად აქცევს. ჯერჯერობით, რამის დაზუსტებით თქმა რთულია. ამ ეტაპზე მე ის უფრო მაშფოთებს, ჩვენ როგორ გამოვძვრებით ამ ვითარებიდან.

ჩერნობილში ბირთვული კატასტროფის მოწყობა რუსეთს უკრაინაზე ნაკლებად არ დააზარალებს. ასევე დაზარალდება მისი პარტნიორი ბელარუსი, ამიტომაც, ვფიქრობ, ამას არ ჩაიდენს, თუმცა რუსეთისგან ვერაფერს გამოვრიცხავთ – თუ ძალიან გაუჭირდა, შესაძლოა, გამოიყენოს მცირე ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან რომელიმე სხვა აკრძალული იარაღით სცადოს უკრაინის, მისი საზოგადოების მორალურად გატეხა. ჩემი აზრით, რუსეთი ნატოს ქვეყნებს ვერაფერს გაუბედავს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინს აკვიატებული ჰქონდა ბელარუსი და უკრაინა­ – ამ სლავური ერების დაკარგვა იყო მისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული. ხომ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი სწორედ პუტინის ახირებაა! ომის დაწყებას მთავრობა რომ არ მიესალმებოდა, დავინახეთ იმ ცნობილი შეკრების ტრანსლირებისას, რომელიც ომის დაწყებამდე გამართა პუტინმა.

უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს არაფერი გაუფუჭებია, მეტიც, ძალიან სოლიდარულია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ისეთი რიტორიკის მომსწრენი გავხდით, რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვით. ისეთი ტონით არ უნდა თქვა, სანქციებს არ ვუერთდებიო, რომ ეს ჯიბრით გაკეთებულს ჰგავდეს. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან არავინ შეერთებია ამ სანქციებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის გარდა არავინ ჩაუქოლავთ ამის გამო. ამას ნამდვილად მოხერხება უნდა… ჩვენს ხელისუფლებაში ზოგიერთს, უკაცრავად, მაგრამ აკლია დიპლომატიურობა და მეტისმეტად როყიო ენა აქვს. გვარს არ დავასახელებ, კი იცით, ვინც არის კოლმეურნეობის თავმჯდომარე.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არათუ რუსეთში გასატანი, ჩვენი საკმარისი რძის პროდუქტიც არ გვაქვს, არადა, აქ ისეთი­ ისტერიკა ატყდა, რომ იქიდან წყევლა-კრულვა შემოგვითვალა ჟურნალისტმა გორდონმა. რადას თავმჯდომარის მიმართვა თქვენც ახსენეთ… ანუ მათთან ისე მივიდა ეს ამბავი, თითქოს ქართველები ხვალვე გეგმავენ რძის პროდუქტების რუსეთში გატანას”,- აცხადებს შარაშენიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე – “ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველი პირები აკეთე­ბდნენ ისეთ განცხადებებს, ბუნებრივად გაჩნდა ვარაუდი, რომ მართლაც აპირებდნენ რუსეთში რძის პროდუქტების გატანას” – რესპონდენტი პასუხობს, რომ ქვეყანაში რძის პროდუქტების საკმარისი მარაგი რომც იყოს, მისი გატანა რუსეთში არ უნდა მოხდეს.

“ზუსტად იგივე მოხდა, რაც სანქციებთან დაკავშირებით – არაფრის გამო ატეხეს შარი. რა თქმა უნდა, რომც გქონდეს ჭარბად რძე და ყველი, ამ ვითარებაში რუსეთში არ უნდა გაიტანო, მაგრამ რომ არა გაქვს გასატანი, რა შესაძ­ლებლობაზე ლაპარაკობ? სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხომ უნდა იცოდეს, რა აქვს გასაყიდი ქვეყანას და რა – არა? საოცარია, როგორ უნდა მოახერხო ასეთი­ სიბრიყვის თქმა?! გაჩუმდი და სულ ნურაფერს იტყვი. ერთხელ რომ თქვი, სანქციებს ვერ ვუერთდებიო, აღარ არის აუცილებელი, კიდევ 20-ჯერ გაიმეორო, რათა რუსეთს გააგონო. ისედაც გაიგეს ყველაფერი.

რომელი ხელისუფლებაც უნდა იყოს საქართველოში, თუ ჩვენი ქვეყანა არ გახდა ნატოს წევრი, ან აქ არ დაფუძნდა აშშ-ის სამხედრო ბაზა, რუსეთთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება, ეს კი, ძირითადად, დამოკიდებულია აშშ-ის მთავრობაზე და ნაკლებად – საქართველოს ხელისუფლებაზე. შევთანხმდეთ, ნატო იმიტომ არის ძლიერი, რომ იქ არის აშშ. საქართველოს დაიცავს მხოლოდ აშშ-თან ალიანსი. ამ ეტაპზე საქართველოში, ნატოსგან განსხვავებით, აშშ-ის ბაზის გახსნა გაცილებით რეალურია. ამისთვის ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, არა – საჯაროდ. ამას სჭირდება კულუარული მოლაპარაკებები. თავის დროზე შევარდნაძემ ჩუმად, ზედმეტი აურზაურის გარეშე მოახერხა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყება, რაც პოსტ ფაქტუმ გაიგეს რუსებმა. ასე უნდა ხდებოდეს ახლაც. ვერ დავიჩემებ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს, არაფერი ვიცი, არადა, კარგი იქნებოდა, მუშაობდეს. როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინა ევროკავშირში, როცა ეს ქვეყანა ომშია ჩართული? და ეს თქვა კიდეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ, ესეც კარგი იქნება. საქართველოს ხელისუფლება კი წარმოაჩენს ისე, თითქოს დაჩქარებული წესით მიღების დიდი შანსი გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სწრაფად ვერ მოხდება. საერთოდ, ევროკავშირში შესვლა უფრო რეალური მგონია, ვიდრე – ნატოში, მაგრამ ამასაც სერიოზული მუშაობა სჭირდება. დაჩქარებულად მიღების წესი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლების წამოწყებული მთელი ეს კამპანია უფრო ცდაა, ხალხს დაანახონ, უკრაინას არ ჩამოვრჩებითო.

რაც შეეხება, კითხვას, რომლის მიხედვითაც არსებობს­ ვარა­უდი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, საქართ­ველოს გამოყენებითაც სცადოს სანქციებისთვის გვერდის ავლა… – ეს ისეთი საშარო საქმეა, ქვეყანასაც და ხელისუფლებასაც ისეთი დარტყმა მიადგება, არა მგონია, ვინმე ამას დასთანხმდეს. თუ საქართველო დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს, დარწმუნებული ვარ, ამ მთავრობისგან აღარაფერი დარჩება. იმედია, ქვეყანა მაინც გადარჩება. საქართველოს ხელისუფლებას ახასიათებს სიფრთხილე, ზოგჯერ – გადამეტებულიც, სულ თითის წვერებზე დადიან, ამიტომ, არა მგონია, ეს გაბედონ”,- განაცხადა შარაშენიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები