რუსეთის პროკურატურა Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს

რუსეთის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რომ Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეწყდეს მისი საქმიანობა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე “ამერიკული კომპანია Meta-ს თანამშრომლების წინააღმდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ მკვლელობისა და ძალადობის უკანონო მოწოდებებთან დაკავშირებით”.

მანამდე, გახდა ცნობილი, რომ Facebook-ი და Instagram-ი ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.

ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა.

აღინიშნება, რომ კომპანია ასევე დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომლებიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, უკრაინა და პოლონეთი.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა “სიკვდილი რუს დამპყრობლებს”. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვუშვებთ მოწოდებებს ძალადობისკენ რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”, – ნათქვამია “მეტას” სპიკერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები