„ოკუპაციის კანონში ცვლილებების პროცესი დაჩქარდება“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, დღის წესრიგი საშუალებას იძლევა, ოკუპაციის კანონში ცვლილებების პროცესი დაჩქარდეს. მისი თქმით, ოკუპაციის კანონში ცვლილებებზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც 2012 წლიდან გადაიდგა.
“სამწუხაროდ, ეს დრო გაიწელა. პარლამენტმა მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო ეს ცვლილებები. ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ დავაჩქაროთ პროცესი. იმედია, პარლამენტი უფრო სწრაფად იმუშავებს ამ მიმართულებით. ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვმუშაობთ და ახლა სამოქმედო გეგმაც დაგვეწია”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ახლა მაინც შეიძლება იმ ხალხმა, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები კანონში საჭირო არ იყო, დაინახონ, რომ ეს არის ევროპული ხედვა და ევროპული მიმართულება. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილების შესახებ, სწორედ მაშინ უნდოდათ რეფორმები გაეტარებინათ ევროპასთან უფრო მეტად დასაახლოებლად.