UNICEF: უკრაინა მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა

გაერო-ს ბავშთა ფონდის (UNICEF) მონაცემით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა 1 მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მათი უმეტესობა, ოჯახებთან ერთად, პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში გადავიდა.

“გაქცეული ბავშვების რიცხვი შემაძრწუნებელია, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასოწარკვეთილი გახდა უკრაინაში ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობა. უსაფრთხოების მოსაპოვებლად, ბავშვები ყველაფერს ტოვებენ. ეს გულსატკენია”, – თქვა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, აფშან ხანმა.

პარტნიორებთან თანამშრომლობით, ფონდი უკრაინის 22-ზე მეტ საავადმყოფოს მედიკამენტებს მიაწვდის, რომ ამ გზით დახმარება გაუწიოს 20 ათასზე მეტ ბავშვს და მათ დედებს, ასევე სხვა დახმარებასაც გაუწევს.

გარდა ამისა, UNICEF მოუწოდებს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისა და ევაკუაციის უსაფრთხო, სწრაფ და შეუფერხებელ ხელმისაწვდომობას.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ბავშვებსა და ოჯახებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. მშვიდობა ერთადერთი მდგრადი გამოსავალია”, – თქვა ხანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები