ОВД-Инфо: მოსკოვში პედაგოგი ანტისაომარი პუბლიკაციისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

მოსკოვში, 498-ე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, რამიზ მანაფლი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში მის მიერ განთავსებული პუბლიკაცია.

ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია  – ОВД-Инфо იტყობინება.

პედაგოგმა 8 მარტს “ინსტაგრამში” დაწერა: “ახლახან სკოლაში მითხრეს:”ოფიციალურის, სახელმწიფოებრივი პოზიციის გარდა, არ შეიძლება  გქონდეთ რაიმე სხვა პოზიცია”. ამრიგად, მე მაქვს საკუთარი აზრი! არამხოლოდ მე, ბევრ მასწავლებელს გააჩნია საკუთარი აზრი. და იცით, რა? ის ნამდვილად არ ემთხვევა სახელმწიფოს პოზიციას”.

ОВД-Инфо წერს, რომ ამ პუბლიკაციის დაწერიდან 2 საათში მასწავლებელს სკოლის დირექტორმა დაურეკა და პოსტის წაშლა მოსთხოვა. მანაფლიმ უარი თქვა.

იმავე საღამოს, მან საკუთარი ნებით დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოსწავლეებს გადაწყვეტილება აცნობა, ნამდვილი მიზეზის დასახელების გარეშე.

მეორე დღეს გეოგრაფიის მასწავლებელი სკოლაში საკუთარი ნივთების წამოსაღებად მივიდა, თუმცა, ის შენობაში არ შეუშვეს. რამიზ მანაფლისთან ეზოში გამოსამშვიდობებლად მოსწავლეები გავიდნენ. ადმინისტრაციამ აღნიშნული აქციად მიიჩნია და პოლიცია გამოიძახა.

როდესაც მანაფლიმ შეძლო სკოლაში შესვლა, მას უთხრეს, რომ არ აპირებდნენ მის გათავისუფლებას, თუმცა, სამსახური მაინც დაატოვებინეს “სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე პოლიტიკური საქმიანობისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები