კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ადმინისტრაციამ შიდა მოკვლევა დაიწყო
კლინიკა “ახალი სიცოცხლის” ადმინისტრაციამ შიდა მოკვლევა დაიწყო, ამის მიზეზი სამედიცინო დაწესებულების ექიმების გუშინდელი პროტესტი გახდა – ამის შესახებ „კვირას“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მუშაობას აგრძელებს და მომავალშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, იგი დაკავშირებული იყო კონკრეტული პიროვნებების კერძო ინტერესებთან, რომლებმაც თანამშრომლების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, რაც მიზნად ისახავდა კლინიკის რეპუტაციის შელახვას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და დასრულების შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.
შეგახსენებთ, რომ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მედპერსონალმა და ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ, სულ 45 -მა თანამშრომელმა ახალი ხელშეკრულებების პირობები გააპროტესტეს და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. როგორც „კვირას“ ბებიაქალთა ასიციაციის პრეზიდენტმა და კლინიკის ბებიაქალმა ნატალია ხაჩიძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებას ახალი მმართველი ჰყავს, რომელმაც კლინიკის მედპერსონალთან კაბალური ხელშეკრულება გააფორმა. ხაჩიძის ინფორმაციით, ხელშეკრულების ახალი პირობები მედპერსონალისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მათი პროტესტი მოჰყვა. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე სიტუაცია შეიქმნა.